ევროგაერთიანების ჩამოყალიბებას
საფუძვლად დაედო ის რეალობა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამიტომ
უმჯობესია, პირველ რიგში თვალი გადავავლოთ ამ პერიოდის ისტორიას.
ომის შემდგომი გაერთიანებები
მეორე
მსოფლიო ომის შედეგად სახეზეა ეკონომიკურად დასუსტებული, პოლიტიკურად და
სოციალურად არასტაბილური ევროპა. საეხლმწიფოთა წინაშე პირველი ამოცანაა თავი
დააღწიონ ომისშემდგომ პრობლემებს და თავიდან აიცილონ შემდგომი დაპირისპირებები და
ომები, განსაკუთრებით მესამე მსოფლიო ომი. სტაბილურობის აღსადგენად და სამუდამო
მშვიდობის დასამყარებლად ისინი ახალი გაერთიანებების შექმნას იწყებენ. სწორედ ამ
პერიოდში ჩამოყალიბდა მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაცია თუ კავშირი,
რომელთა მიზანი უმთავრესად ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სახის თანამშრომლობა
იყო.
- 1945 წელს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - გაერო. გაეროს ძირითადი მიზანი იყო და არის მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, საერთაშორისო სამართლის დამკვიდრება და ქვეყნებს შორის სოლიდარობის გამყარება.
- 1947 წელს, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დუნკირკის ხელშეკრულება გააფორმეს. რათა სამომავლოდ თავი დაეცვათ გერმანიის შესაძლო თავდასხმისაგან.
- 1948 წლის იანვარში ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა შექმნეს ბენილუქსის კავშირი, რომლის მიზანიც ამ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
- 1948 წლის მარტში ბენილუქსის ქვეყნებმა ბრიტანეთთან და საფრანგეთნ ერთად ხელი მოაწერეს ბრიუსელის ხელშკრულებას, რომელიც დუნკირკის ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენდა და საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებდა.
- 1949 წლის აპრილში შეიქმნა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი - ნატო, რომლის მიზანიც უკვე არა გერმანიის, არამედ ახლადაღმოცენებული საფრთხის - საბჭოთა კავშირის - განეიტრალება იყო.
- კიდევრ ერთი ორგანიზაცია, რომელიც 1949 წელს შეიქმნა იყო ევროსაბჭო.
ევროსაბჭო
1946 წელს
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ
ჩერჩილმა ციურიხში თავის გამოსვლაში ”ევროპის
შეერთებული შტატების” იდეა წამოაყენა. ჩერჩილი მიეკუთვნებოდა ფედერალისტების
იმ ჯგუფს, რომელიც ევროპაში ფედერალური ერთობის ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფოდნენ. ევროპულ
სახელმწიფოთა ამ ახალ პოლიტიკურ კავშირს ევროპის საერთო კონსტიტუცია უნდა დასდებოდა
საფუძვლად.
1948 წელს სწორედ ამგვარი ერთობის შესაქმენლად ევროპელი
ლიდერები ჰააგაში
შეიკრიბნენ. ჰააგის კონგრესს თავმჯდომარეობდა ჩერჩილი, რომელიც დასავლეთ ევროპის
სახელმწიფოებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, თუმცა იქვე აცხადებდა, რომ ”ევროპის
შეერთებული შტატების” წევრი დიდი ბრიტანეთი არ გახდებოდა. იგი ამერიკისა და
საბჭოთა კავშირის მსგავსად ამ პოლიტიკური კავშირის ”მეგობრად და სპონსორად”
დარჩებოდა.
ჰააგის
კონგრესის შედეგი ის იყო, რომ 1949
წლეს შეიქმნა ევროპულ სახელმწიფოთა გაერთიანება ”ევროსაბჭო” (Council of
Europe- CoE), რომლის წევრიც 1999 წლიდან საქართველოცაა.
თუმცა
ნაცვლად იმისა, რომ ჩამოყალიბებულიყო ევროპის ზეეროვნული (სუპრანაციონალური - Supranational)
მთავრობა, რომელსაც დაექვემდებარებოდა ყველა წევრი სახელმწიფო, რომელიც
უზრუნველყოფდა სტაბილურობასა და სამუდამო მშვიდობას, შეიქმნა ნაკლები ამბიციების
მქონე ორგანიზაცია ევროსაბჭო. იგი უმთავრესად მთავრობათშორის (Intergovernmental)
ფორუმს წარმოადგენს და ძირითადად ადამიანთა უფლებების დაცვის
მიმართულებით მუშაობს.
რატომ ვერ
შექმნეს ევროპელებმა ზეეროვნული ორგანიზაცია? შესაძლოა იმ ფაქტმა, რომ თავად იდეის
ინიციატორი ბრიტანეთი არ გეგმავდა ამ ორგანიზაციაში შესვლას გავლენა იქონია სხვა
სახელმწიფოებზეც. თუმცა უმთავრესი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ ევროპული
სახელმწიფოები ჯერ არ იყვნენ მზად ამგვარი კავშირისთვის, ანუ ეროვნულ მთავრობებს
არ სურდათ დაეთმოთ საკუთარი სუვერენიტეტი და თავიანთ ფუნქციათა განხორციელება
ახალი ევროპული მთავრობისთვის გადაეცათ.
ცივი ომის დასაწყისი, ტრუმანის დოქტრინა და მარშალის გეგმა
მეორე
მსოფლიო ომში ევროპამ შეძლო დაემარცხებინა აგრესორი გერმანია, თუმცა ომის
დამთავრებისთანავე გამოიკვეთა ახალი საფრთხე ევროპისათვის - საბჭოთა კავშირი. 1945
წელს იალტაში
გამართულ კონფერენციაზე ანტიგერმანული კოალიციის ქვეყნებმა - აშშ, ბრიტანეთი, სსრკ
- მსოფლიო გავლენის სფეროებად დაინაწილეს. ევროპელები იმედოვნებდნენ, რომ ამგვარი
განაწილება დროებითი იქნებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირმა, თავისი ქმედებებით, ნათელი
გახად, რომ ის არათუ თავისი გავლენის სფეროში, არამედ მის გარეთაც იწყებდა
ძალაუფლების ხელში აღებას და დასავლეთით კომუნიზმის გავრცელებას. ასე დაიწყო ”ცივი
ომი”.
1947 წელს
აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმანმა კონგრესს მიმართა თხოვნით, სამხედრო და ფინანსური
დახმარება გაეწიათ საბერძნეთისთვის, სადაც მთავრობასა და კომუნისტური პარტიის
სამხედრო შენაერთებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ეს განცხადება ტრუმანის დოქტრინის სახელითაა ცნობილი.
ის ნათლად უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ამერიკა აღარ დაუბრუნდებოდა იზოლაციონისტურ
პოლიტიკას და ევროპის საქმეებში ჩარევას გააგრძელებდა, ანუ ომის დასრულების შემდეგ
საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის შერულებას შეუდგებოდა.
ამავე წელს
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა წამოაყენა იდეა, რომ
ევროპის ეკონომიკის რეკონსტრუქციისათვის ამერიკის ბიუჯეტიდან საჭირო თანხები
გამოეყოთ (მარშალის გეგმა). მარშალი
და ტრუმანი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ეკონომიკურად ძლიერი ევროპა
შტატებისთვის კარგ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცეოდა, ჩაურევლობის შემთხვევაში კი,
ომისგან დასუსტებული ევროპა საბჭოთა კავშირისა კომუნისტური ძალების გავლენის ქვეშ
მოექცეოდა. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციით, ამერიკა, ერთის მხრივ, საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ პოლიტიკურ დასაყრდენს შეიქმნიდა, მეორეს მხრივ კი, ევროპის სახით,
ამერიკული საექსპორტო პროდუქციის გასაღების ბაზარს შექმნიდა.
1947 წელს
შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის
ორგანიზაცია (Organization for European Economic Co-operation OEEC), მისი
ფუნქცია იყო ”მარშალის გეგმით” წამოსული თანხები ევროპულ სახელმწიფოებზე თანაბრად
გადაენაწილებინა. შეერთებული შტატები იმედოვნებდა, რომ ამ ნაბიჯით ევროპაში
ეკონომიკური ბარიერებისგან თავისუფალი სავაჭრო სივრცე ჩამოყალიბდებოდა. თუმცა
ევროპული ”ეროვნული ეკონომიკები” ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. მათ შორის
წინააღმდეგობების დასაძლევად კი ამერიკას სათანადო პოლიტიკური გავლენა არ გააჩნდა.
ამდენად იგი ვერ ჩამოყალიბდა ძლიერ ზეეროვნულ ორგანიზაციად. გარდა ამისა,
არსებობდა კიდევ ერთი პრობლემა, ”მარშალის გეგმით” ერთადერთი ინვესტორი და
შესაბამისად ”დამკვეთიც” ამერიკა იყო, რაც თვითკმარი ევროპული ეკონომიკის
ჩამოყალიბებას გარკვეულწილად ხელსაც უშლიდა.
გერმანია-საფრანგეთი
მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მიმართ ევროპაში საკმაოდ მტრული დამოკიდებულება
ჩამოყალიბდა. ქვეყანა, რომელმაც მეოცე საუკინის დასაწყისში კაცობრიობა 2 მსოფლიო
ომში ჩაითრია, ბუნებრივია, კვლავაც აღძრავდა შიშს ევროპელთა გონებაში. ეს განწყობა
კარგ მდგომარეობაში აყენებდა საფრანგეთს, რომელიც ისტორიული მტრის - გერმანიის -
დასუსტების ხარჯზე კონტინენტზე თავისი გავლენის გაძლიერებას გეგმავდა. საფრანგეთი
ირწმუნებოდა, რომ ევროპას გერმანიისათვის ხელახალი ეკონომიკური, პოლიტიკური და
სამხედრო განვითარების საშუალება აღარ უნდა მიეცა, გერმანია უნდა დაშლილიყო პატარა
სახელმწიფოებად, ჩამორთმეოდა ჯარის ყოლის უფლება და შეზღუდვოდა კონტროლი ბუნებრივი
რესურსებით მდიდარ ტერიტორიებზე (რურის ქვანახშირის საბადოები).
საფრანგეთის
ამგვარ სწრაფვას რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს. სუსტი გერმანია შეერთებული
შტატების ინტერესებში არ შედიოდა - ასე საფრანგეთი გაბატონებულ პოზიციას
დაიკავებდა კონტინენტზე, გარდა ამისა ამერიკა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
”ბრძოლაში”, დასუსტებული გერმანიის სახით, ერთ მოკავშირეს დაკარგავდა. უფრო მეტიც,
საფრანგეთის სურვილი, რომ ხელთ ეგდო გერმანელებით დასახლებული რესურსებით მდიდარი
გერმანული ტერიტორიები, ამ ორ ქვეყანას შორის სამომავლო დაპირისპირების საფუძველს
აჩენდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1949 წელს დასავლეთ გერმანია ”გერმანიის
ფედერაცაიული რესპუბლიკის” სახით ჩამოყალიბდა, რამაც აიძულა საფრანგეთი, გადაეხედა
თავისი მისწრაფებებისათვის.
ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება
ამდენად,
გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:
- ევროპას ეკონომიკური განვითარების ისეთი მექანიზმი ესაჭიროება, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღებიდა საფუძველს ჩაუყრის ევროპის თვითკმარ ეკონომიკას.
- აუცილებელია ომის დროს დაპირისპირებულ ქვეყნებს (განსაკუთღებით საფრანგეთსა და გერმანიას) შორის ნდობის აღდგენა და თანამშრომლობის დაწყება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი დაპირისპირებები და ომები ანუ დამყარდეს ნანატრი მშვიდობა.
- ევროპა გაუმკლავდეს ახალ საფრთხეს აღმოსავლეთიდან - საბჭოთა კავშირს.
1950 წელს, შექმნილი
ვითარებიდან თავის დასაღწევად, ევროპულ სახელმწიფოებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა რობერტ შუმანმა შესთავაზა
შეექმნათ ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანება. იდეა ეკუთვნოდა საფრანგეთის
ეკონომიკური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელს ჟან მონეს.
მონეს სურდა
შექმნილიყო ერთიანი ევროპული ბაზარი, რომელიც მთელს კონტინენტს მოიცავდა, ეს,
ერთის მხრივ, ხელს შეუწყობდა ევროპის ეკონომიკურ აღმავლობას, ხოლო მეორეს მხრივ,
სამუდამოდ გამორიცხავდა ეკონომიკურად ერთმანეთზე დამოკიდებულ სახლემწიფოებს შორის
ომს. თუმცა, მონეს ღრმა რწმენით, ეს ერთიანი ბაზარი უნდა შექმნილიყო არა ერთიანად,
რისი წარუმატებელი მცდელობებიც უკვე იყო, არამედ - ეტაპობრივად. იგი მიიჩნევდა,
რომ საჭირო იყო ინტეგრაცია დაწყებულიყო ეკონომიკის ერთ სფეროში, რაც ავტომატურად
გამოიწვევდა თანდათანობით სხვა სფეროებში თანამშრომლობის დაწყებას.
ეკონომიკის
ასეთ სფეროდ სწორედ ქვანახშირის მოპოვება და და ფოლადის წარმოება მიიჩნიეს.
შუმანის წინადადებას 5 სახლემწიფო გამოეხმაურა და 1951 წელს პარიზის
ხელშეკრულებით ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (European Coal and Stel
Community - ECSC) შეიქმნა. გაერთიანებაში შევიდნენ: საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია და ბენილუქსის ქვეყნები: ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი. კავშირში
შესვლაზე უარი განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა.
მოკლედ
განვიხილოთ ამ 6 ქვეყნის გაერთიანებაში შესვლის მოტივაცია და ბრიტანეთის უარის
მიზეზები:
საფრანგეთი
გაერთიანების
შექმნით განეიტრალდებოდა გერმანიასთან დაპირისპირების საფრთხე. გარდა ამისა,
იქმნებოდა ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ საფრანგეთს ფოლადის წარმოებისათვის
გერმანული საბადოებიდან ქვანახშირი შეუფერხებლად მიეღო.
გერმანია
გაერთიანებაში
შესვლით, გერმანია ინარჩუნებდა კონტროლს თავის ქვანახშირის საბადოებზე, ასევე
გამოირიცხებოდა კონფრონტაცია საფრანგეთთან და, რაც მთვარია, გერმანიას უნუიკალური
შანსი ეძლეოდა, მსოფლიო ომების დროს საერთაშორისო ასპარეზზე გაფუჭებული რეპუტაცია
კვლავ აღედგინა. ამ ნაბიჯით, იგი ევროპული სახელმწიფოების თვალში ”მტერის” სტატუსს
მოიშორებდა და მათი ეკონომიკური პარტნიორი გახდებოდა.
იტალია
იტალიაც,
გერმანიის მსგავსად, როგორც ყოფილი ფაშისტური სახელმწიფო, გაერთიანებაში შესვლით
ოფიციალურად იტყოდა უარს თავის წარსულზე და საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენას
შეეცდებოდა. გარდა ამისა იგი გეოგრაფიულად უშუალოდ ესაზღვრებოდა სოციალისტური ბანაკის
ქვეყანას - იუგოსლავიას და მხოლოდ ადრიატიკის ზღვა გამოჰყოფდა ალბანეთისაგან, რაც
”ცივი ომის” პირობებში ”ფრონტის ხაზის” პირას ყოფნას ნიშნავდა. საყურადღებოა ისიც,
რომ იტალიაში საკმაოდ ძლიერი იყო კომუნისტური მოძრაობა. ამდენად, ქვეყანაში
დასავლური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად გაერთიანებაში
შესვლა კარგი პერსპექტივა იყო.
ბენილუქსის ქვეყნები
ქვანახშირისა
და ფოლადის წარმოების სფეროში დადებულ ხელშეკრულებაში ბენილუქსის ქვეყნების
აქტიური მონაწილეობა, მათ წარმოებებისთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანი
იქნებოდა. გარდა ამისა, სამივე სახლემწიფო მიესალმებოდა ყველა სახის ნაბიჯს, რაც
მეზობელ საფრანგეთსა და გერმანიას შორის ომის რისკს შეამცირებდა.
ბრიტანეთი
რაც შეეხება
ბრიტანეთს, კონტინენტური ევროპისგან განსხავევბით, კუნძულოვან სახლემწიფოში აქტიურ
საომარ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, გერმანული ოკუპაცია მას არ შეხებია, არც
ომში დამარცხებულა, შესაბამისად ომმა იგი ყველაზე ნაკლებად დააზიანა. გარდა ამისა,
ბრიტანეთი კვლავ ინარჩუნებდა იმპერიალისტური სახელმწიფოსა და მსოფლიო ჰეგემონის
ამბიციებს. დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, გამოირჩეოდა ეკონომიკური
სიძლიერით, არც ქვანახშირის მარაგის სიმცირეს უჩიოდა.
რაც ყველაზე
მთავარია, ბრიტანეთს 50-იან წლებში კვლავ სამარცხვინოდ მიაჩნდა, კონტინენტური
ევროპის სახლემწიფოებისთვის ”გაეყადრებინა თავი” და მათთან ერთად გაწევრიანებულიყო
ისეთი ზეეროვნული ორგანიზაციაში, რომელიც ბრიტანეთის სუვერენიტეტს შეზღუდავდა.
ამდენად ბრიტანეთის მთავრობამ 6 ქვეყნის გაერთიანებაში შესვლაზე კატეგორიული უარი
განაცხადა.
[2] ცალკე საუბრის თემაა, რამდენად წარმატებით ასრულებს
გაერო ამ ფუნქციებს, გაეროს მიმართ მრავალი კრიტიკის მიუხედავად, უდავოა, რომ მან
მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამხედრო დაპირისპირებების დიპლომატიურ კონტექსტში
გადატანას. გაეროს ჩარევით, ბევრ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზიდან ქვეყნებს
შორის აგრესიამ გაეროს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა. თუმცა, ამავდროულად, მან
ბევრი ომისა და დაპირისპირების თავიდან აციელბა მაინც ვერ შეძლო.
[5] ევროსაბჭომ 1950 წელს მიიღო ”ადამინის უფლებათა
ევროპული კონვენცია”, ევროსაბჭოს ერთ-ერთი ორგანოა ”ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლო”, რომლის შტაბბინაც
სტრასბურგში მდებარეობს.
ძალიან კარგი პოსტია, ინფორმატიული და მშვენივრად აწყობილი.
ReplyDelete