Showing posts with label ევროკავშირი. Show all posts
Showing posts with label ევროკავშირი. Show all posts

Tuesday, April 3, 2012

ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ



     ლისაბონის ხელშეკრულებამ მრავალმხრივ შეუწყო ხელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას. მეტი შეკავშირებულობის მისაღწევად, ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საერთაშორისო ასაპარეზზე ერთიანი პოზიციით გამოსვლისთვის ანუ ევროკავშირის ”ერთ ხმაზე ასალაპარაკებლად” ლისაბონბა მრავალი ინსტიტუციური ცვლილება შემოიტანა.

პირველ რიგში გაუქმდა კავშირის სამ სვეტად დაყოფა და ევროკავშირი საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედ ერთ იურიდიულ აქტორად ჩამოაყალიბდა (Single legal personality). ამ ცვლილების შემდეგ ევროკავშირი საერთაშორისო ხელშეკრულებებს ხელს მოაწერს, როგორც ერთი იურიდიული პირი. ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ ზოგადად საგარეო ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნება, როგორც ერთი მთლიანობა.

ა) ევროპული საბჭო:
  • შეიძინა დამოუკიდებელი და ფორმალური ინსტიტუტის სტატუსი. ოფიციალურად დაევალა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში სტრატეგიული ინტერესებისა და ამოცანების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღება. ადრე ეს ეხებოდა მხოლოდ საერთო საგარე და თავდაცვის პოლიტიკას, დღეს კი მისი კომპეტენცია გავრცელდა მთლიანად საგარეო საკითხებზე.

  • 6 თვიანი როტაციული წესით დანიშნული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ნაცვლად შემოღებულ იქნა 2 წელიწად ნახევრის ვადით არჩეული პრეზიდენტის ახალი პოსტი. ეს ცვლილება საქმის განგრძობადობისა და ევროპული საბჭოს უფრო ეფექტურად მუშაობის კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა შეითავსა ევროკავშირის საგარეო წარმომდგენლის ფუნქცია, ისე რომ, არ უნდა მოხდეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომოდგენლის ფუნქციათა გადაკვეთა. რეფორმირებული საბჭოს პირველ პრეზიდენტად  წევრი სახლემწიფოების ლიდერებმა ნეიტრალური კანდიდატი, ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰერმან ვან რომპუი (Herman Van Rompuy) აირჩიეს.

ბ) უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი 
  • ჩამოყალიბდა საერთაშორისო არენაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა. საკონსტიტუციო ინიციატივაში მას საგარეო საქმეთა მინისტრიც ეწოდებოდა. ეს პოსტი შეიქმნა ამსტერდამის ხელშეკრულებით და მას შექმნის დღიდან ბოლომდე წარმატებით უძღვებოდა ხავიერ სოლანა. ლისაბონის ხელშეკრულებამდე უმაღლესი წარმომოადგენელიც და საბჭოს გენერალური მდივანიც ერთი და იგივე  პიროვნება იყო (სოლანა). ახალი ხელშეკრულებით ეს პოსტი ორად გაიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ლისაბონის ხელშეკრულებამ უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა საკმაოდ გააფართოვა და გაამყარა.
  • უმაღლესი წარმომადგენლის ფუქნქციები: გაუძღვეს ევროკავშირის საგარე და თავდაცვის პოლიტიკას, წარმოადგინოს ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე, აწარმოოს მოლაპარაკებები მესამე მხარესთან და დაიცვას ევროკავშირის პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონფერენციებზე.
  • პირველ უმაღლეს წარმომადგენლად შერჩეულ იქნა კეტრინ ეშტონის კანდიდატურა. იგი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფუნქციის გარდა ითავსებს საგარეო საქმეთა კომისრისა და კომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტებს, ანუ ხდება კომისიის წევრი. ასევე ავტომატურად ინიშნება საგარეო საკითხთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ამ ცვლილებით უმაღლესი წარმომადგენელი ერთდროულად ორ ორგანოში (კომისია და საბჭო) ხელმძღვანელობს საგარეო პოლიტიკას. თანამდებობათა ამგვარი გაერთიანება, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის ზეეროვნულ და მთავრობათშორის ინსტიტუტებს  შორის  კოორდინაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
  • უმაღლესმა წარმომადგენელმა კომისიას ჩამოართვა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში კანონპროექტის ინიციატივის უფლება. წევრმა სახელმწიფოებმა ეს უფლება შეინარჩუნეს.
  • უმაღლეს წარმომადგენელს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობითა და ევროკომისიის პრეზიდენტთან შეთანხმებით ნიშნავს ევოპული საბჭო. რადგან იგი ითავსებს ევროკომისრის ფუნქციებს, მას ამტკიცებს პარლამენტიც.  უმაღლესი წარმომადგენელი მოვალეა საანგარიშო მოხსენებით გამოვიდეს პარლამენტში ასევე გაიროს კონსულტაციები ევროპარლამენტარებთან.
  • საგარეო წარმომადგენლობის მეტი ეფექტურობისათვის, შეიქმნა დამოუკიდებელი ორგანო - ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური. (European External Action Service - EEAS) მას ხელმძღვანელობს უმაღლესი წარმომადგებელი. ეს სამსახური დაეხმარება უმაღლეს წარმომადგენელს დაკისრებული ფუნქციების შერულებაში და კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობისა და განვითარების[1] პოლიტიკას, ის კომისიის კომპეტენციაში რჩება.  ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში ერთიანდება საბჭოსა და კომისიის შესაბამისი უწყებები და კომისიის დიპლომატიური მისიები სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე აქტიურ კავშირშია წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ ორგანოებთან.

ფაქტიურად ევროკავშირში ჩამოყალიბდა საგარეო ”საქმეთა მინისტრის პოსტი” და ”საგარეო საქმეთა სამინისტრო”. ეს, პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით, უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მსოფლიოში ერთი ადამიანი წარადგენს, რომელსაც საგარეო საქმეების კოორდინაციისთვის გაზრდილი უფლებები და რეალური, იურიდიული დოკუმენტით დადასტურებული წონა ექნება. ასევე ექნება საკუთარი უწყება - ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური.

კრიტიკოსები ლისაბონის ხელშეკრულებას სამ მაღალ ჩინოვნიკს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, კომისიის პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს - შორის უფლებამოსილებათა არასათანადო გამიჯვნაში ადანაშაულებენ. ერთი შეხედვით, სამივეს მოვალეობაა წარმოადგინოს ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე.  ამ ნიადაგზე მათ შორის ხშირ კონფრონტაციას ვარაუდობენ. მართლაც, ლისაბონის ხელშეკრულება ფუნქციების განაწილების ზოგად ჩარჩოებს აყალიბებს. თუმცა, კომისიის პრეზიდენტს ევროკავშირის წარმოდგენა მხოლოდ კომისიის კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია. რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ფუნქციების გაყოფა პრაქტიკასაა მინდობილი და კონკრეტული საერთაშორისო მოვლენების შემდეგ  თავისით დარეგულირდება.


ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ




     ევროგაერთიანების ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო ის რეალობა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამიტომ უმჯობესია, პირველ რიგში თვალი გადავავლოთ ამ პერიოდის ისტორიას.  

ომის შემდგომი გაერთიანებები
მეორე მსოფლიო ომის შედეგად სახეზეა ეკონომიკურად დასუსტებული, პოლიტიკურად და სოციალურად არასტაბილური ევროპა. საეხლმწიფოთა წინაშე პირველი ამოცანაა თავი დააღწიონ ომისშემდგომ პრობლემებს და თავიდან აიცილონ შემდგომი დაპირისპირებები და ომები, განსაკუთრებით მესამე მსოფლიო ომი. სტაბილურობის აღსადგენად და სამუდამო მშვიდობის დასამყარებლად ისინი ახალი გაერთიანებების შექმნას იწყებენ. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაცია თუ კავშირი, რომელთა მიზანი უმთავრესად ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სახის თანამშრომლობა იყო.

  1. 1945 წელს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - გაერო. გაეროს ძირითადი მიზანი იყო და არის მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, საერთაშორისო სამართლის დამკვიდრება და ქვეყნებს შორის სოლიდარობის გამყარება.

  1. 1947 წელს, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დუნკირკის ხელშეკრულება გააფორმეს. რათა  სამომავლოდ თავი დაეცვათ გერმანიის შესაძლო თავდასხმისაგან.  

  1. 1948 წლის იანვარში ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა შექმნეს ბენილუქსის კავშირი, რომლის მიზანიც ამ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

  1. 1948 წლის მარტში ბენილუქსის ქვეყნებმა ბრიტანეთთან და საფრანგეთნ ერთად ხელი მოაწერეს ბრიუსელის ხელშკრულებას, რომელიც დუნკირკის ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენდა და საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებდა.

  1. 1949 წლის აპრილში შეიქმნა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი - ნატო, რომლის მიზანიც უკვე არა გერმანიის, არამედ ახლადაღმოცენებული საფრთხის - საბჭოთა კავშირის - განეიტრალება იყო.

  1. კიდევრ ერთი ორგანიზაცია, რომელიც 1949 წელს შეიქმნა იყო ევროსაბჭო.



ევროსაბჭო
1946 წელს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ციურიხში თავის გამოსვლაში ”ევროპის შეერთებული შტატების” იდეა წამოაყენა. ჩერჩილი მიეკუთვნებოდა ფედერალისტების იმ ჯგუფს, რომელიც ევროპაში ფედერალური ერთობის ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფოდნენ. ევროპულ სახელმწიფოთა ამ ახალ პოლიტიკურ კავშირს ევროპის საერთო კონსტიტუცია უნდა დასდებოდა საფუძვლად.

1948 წელს სწორედ ამგვარი ერთობის შესაქმენლად ევროპელი ლიდერები ჰააგაში შეიკრიბნენ.  ჰააგის კონგრესს თავმჯდომარეობდა ჩერჩილი, რომელიც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, თუმცა იქვე აცხადებდა, რომ ”ევროპის შეერთებული შტატების” წევრი დიდი ბრიტანეთი არ გახდებოდა. იგი ამერიკისა და საბჭოთა კავშირის მსგავსად ამ პოლიტიკური კავშირის ”მეგობრად და სპონსორად” დარჩებოდა.

ჰააგის კონგრესის შედეგი ის იყო, რომ 1949 წლეს შეიქმნა ევროპულ სახელმწიფოთა გაერთიანება ”ევროსაბჭო” (Council of Europe- CoE), რომლის წევრიც 1999 წლიდან საქართველოცაა.

თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ჩამოყალიბებულიყო ევროპის ზეეროვნული (სუპრანაციონალური - Supranational) მთავრობა, რომელსაც დაექვემდებარებოდა ყველა წევრი სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფდა სტაბილურობასა და სამუდამო მშვიდობას, შეიქმნა ნაკლები ამბიციების მქონე ორგანიზაცია ევროსაბჭო. იგი უმთავრესად მთავრობათშორის (Intergovernmental) ფორუმს წარმოადგენს და ძირითადად ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს.

რატომ ვერ შექმნეს ევროპელებმა ზეეროვნული ორგანიზაცია? შესაძლოა იმ ფაქტმა, რომ თავად იდეის ინიციატორი ბრიტანეთი არ გეგმავდა ამ ორგანიზაციაში შესვლას გავლენა იქონია სხვა სახელმწიფოებზეც. თუმცა უმთავრესი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ ევროპული სახელმწიფოები ჯერ არ იყვნენ მზად ამგვარი კავშირისთვის, ანუ ეროვნულ მთავრობებს არ სურდათ დაეთმოთ საკუთარი სუვერენიტეტი და თავიანთ ფუნქციათა განხორციელება ახალი ევროპული მთავრობისთვის გადაეცათ.

ცივი ომის დასაწყისი, ტრუმანის დოქტრინა და მარშალის გეგმა

მეორე მსოფლიო ომში ევროპამ შეძლო დაემარცხებინა აგრესორი გერმანია, თუმცა ომის დამთავრებისთანავე გამოიკვეთა ახალი საფრთხე ევროპისათვის - საბჭოთა კავშირი. 1945 წელს იალტაში გამართულ კონფერენციაზე ანტიგერმანული კოალიციის ქვეყნებმა - აშშ, ბრიტანეთი, სსრკ - მსოფლიო გავლენის სფეროებად დაინაწილეს. ევროპელები იმედოვნებდნენ, რომ ამგვარი განაწილება დროებითი იქნებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირმა, თავისი ქმედებებით, ნათელი გახად, რომ ის არათუ თავისი გავლენის სფეროში, არამედ მის გარეთაც იწყებდა ძალაუფლების ხელში აღებას და დასავლეთით კომუნიზმის გავრცელებას. ასე დაიწყო ”ცივი ომი”.

1947 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმანმა კონგრესს მიმართა თხოვნით, სამხედრო და ფინანსური დახმარება გაეწიათ საბერძნეთისთვის, სადაც მთავრობასა და კომუნისტური პარტიის სამხედრო შენაერთებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ეს განცხადება ტრუმანის დოქტრინის სახელითაა ცნობილი. ის ნათლად უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ამერიკა აღარ დაუბრუნდებოდა იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ევროპის საქმეებში ჩარევას გააგრძელებდა, ანუ ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის შერულებას შეუდგებოდა.

ამავე წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა წამოაყენა იდეა, რომ ევროპის ეკონომიკის რეკონსტრუქციისათვის ამერიკის ბიუჯეტიდან საჭირო თანხები გამოეყოთ (მარშალის გეგმა). მარშალი და ტრუმანი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ეკონომიკურად ძლიერი ევროპა შტატებისთვის კარგ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცეოდა, ჩაურევლობის შემთხვევაში კი, ომისგან დასუსტებული ევროპა საბჭოთა კავშირისა კომუნისტური ძალების გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციით, ამერიკა, ერთის მხრივ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პოლიტიკურ დასაყრდენს შეიქმნიდა, მეორეს მხრივ კი, ევროპის სახით, ამერიკული საექსპორტო პროდუქციის გასაღების ბაზარს შექმნიდა.

1947 წელს შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Organization for European Economic Co-operation OEEC), მისი ფუნქცია იყო ”მარშალის გეგმით” წამოსული თანხები ევროპულ სახელმწიფოებზე თანაბრად გადაენაწილებინა. შეერთებული შტატები იმედოვნებდა, რომ ამ ნაბიჯით ევროპაში ეკონომიკური ბარიერებისგან თავისუფალი სავაჭრო სივრცე ჩამოყალიბდებოდა. თუმცა ევროპული ”ეროვნული ეკონომიკები” ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. მათ შორის წინააღმდეგობების დასაძლევად კი ამერიკას სათანადო პოლიტიკური გავლენა არ გააჩნდა. ამდენად იგი ვერ ჩამოყალიბდა ძლიერ ზეეროვნულ ორგანიზაციად. გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი პრობლემა, ”მარშალის გეგმით” ერთადერთი ინვესტორი და შესაბამისად ”დამკვეთიც” ამერიკა იყო, რაც თვითკმარი ევროპული ეკონომიკის ჩამოყალიბებას გარკვეულწილად ხელსაც უშლიდა.

გერმანია-საფრანგეთი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მიმართ ევროპაში საკმაოდ მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ქვეყანა, რომელმაც მეოცე საუკინის დასაწყისში კაცობრიობა 2 მსოფლიო ომში ჩაითრია, ბუნებრივია, კვლავაც აღძრავდა შიშს ევროპელთა გონებაში. ეს განწყობა კარგ მდგომარეობაში აყენებდა საფრანგეთს, რომელიც ისტორიული მტრის - გერმანიის - დასუსტების ხარჯზე კონტინენტზე თავისი გავლენის გაძლიერებას გეგმავდა. საფრანგეთი ირწმუნებოდა, რომ ევროპას გერმანიისათვის ხელახალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო განვითარების საშუალება აღარ უნდა მიეცა, გერმანია უნდა დაშლილიყო პატარა სახელმწიფოებად, ჩამორთმეოდა ჯარის ყოლის უფლება და შეზღუდვოდა კონტროლი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ტერიტორიებზე (რურის ქვანახშირის საბადოები).

საფრანგეთის ამგვარ სწრაფვას რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს. სუსტი გერმანია შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედიოდა - ასე საფრანგეთი გაბატონებულ პოზიციას დაიკავებდა კონტინენტზე, გარდა ამისა ამერიკა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ”ბრძოლაში”, დასუსტებული გერმანიის სახით, ერთ მოკავშირეს დაკარგავდა. უფრო მეტიც, საფრანგეთის სურვილი, რომ ხელთ ეგდო გერმანელებით დასახლებული რესურსებით მდიდარი გერმანული ტერიტორიები, ამ ორ ქვეყანას შორის სამომავლო დაპირისპირების საფუძველს აჩენდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1949 წელს დასავლეთ გერმანია ”გერმანიის ფედერაცაიული რესპუბლიკის” სახით ჩამოყალიბდა, რამაც აიძულა საფრანგეთი, გადაეხედა თავისი მისწრაფებებისათვის.

ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება
ამდენად, გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:
  1. ევროპას ეკონომიკური განვითარების ისეთი მექანიზმი ესაჭიროება, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღებიდა საფუძველს ჩაუყრის ევროპის თვითკმარ ეკონომიკას.
  2. აუცილებელია ომის დროს დაპირისპირებულ ქვეყნებს (განსაკუთღებით საფრანგეთსა და გერმანიას) შორის ნდობის აღდგენა და თანამშრომლობის დაწყება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი დაპირისპირებები და ომები ანუ დამყარდეს ნანატრი მშვიდობა.
  3. ევროპა გაუმკლავდეს ახალ საფრთხეს აღმოსავლეთიდან - საბჭოთა კავშირს.

1950 წელს, შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად, ევროპულ სახელმწიფოებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა შესთავაზა შეექმნათ ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანება. იდეა ეკუთვნოდა საფრანგეთის ეკონომიკური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელს ჟან მონეს.

მონეს სურდა შექმნილიყო ერთიანი ევროპული ბაზარი, რომელიც მთელს კონტინენტს მოიცავდა, ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობდა ევროპის ეკონომიკურ აღმავლობას, ხოლო მეორეს მხრივ, სამუდამოდ გამორიცხავდა ეკონომიკურად ერთმანეთზე დამოკიდებულ სახლემწიფოებს შორის ომს. თუმცა, მონეს ღრმა რწმენით, ეს ერთიანი ბაზარი უნდა შექმნილიყო არა ერთიანად, რისი წარუმატებელი მცდელობებიც უკვე იყო, არამედ - ეტაპობრივად. იგი მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო ინტეგრაცია დაწყებულიყო ეკონომიკის ერთ სფეროში, რაც ავტომატურად გამოიწვევდა თანდათანობით სხვა სფეროებში თანამშრომლობის დაწყებას.

ეკონომიკის ასეთ სფეროდ სწორედ ქვანახშირის მოპოვება და და ფოლადის წარმოება მიიჩნიეს. შუმანის წინადადებას 5 სახლემწიფო გამოეხმაურა და 1951 წელს პარიზის ხელშეკრულებით ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (European Coal and Stel Community - ECSC) შეიქმნა. გაერთიანებაში შევიდნენ: საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია და ბენილუქსის ქვეყნები: ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი. კავშირში შესვლაზე უარი განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა.

მოკლედ განვიხილოთ ამ 6 ქვეყნის გაერთიანებაში შესვლის მოტივაცია და ბრიტანეთის უარის მიზეზები:

საფრანგეთი
გაერთიანების შექმნით განეიტრალდებოდა გერმანიასთან დაპირისპირების საფრთხე. გარდა ამისა, იქმნებოდა ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ საფრანგეთს ფოლადის წარმოებისათვის გერმანული საბადოებიდან ქვანახშირი შეუფერხებლად მიეღო.

გერმანია
გაერთიანებაში შესვლით, გერმანია ინარჩუნებდა კონტროლს თავის ქვანახშირის საბადოებზე, ასევე გამოირიცხებოდა კონფრონტაცია საფრანგეთთან და, რაც მთვარია, გერმანიას უნუიკალური შანსი ეძლეოდა, მსოფლიო ომების დროს საერთაშორისო ასპარეზზე გაფუჭებული რეპუტაცია კვლავ აღედგინა. ამ ნაბიჯით, იგი ევროპული სახელმწიფოების თვალში ”მტერის” სტატუსს მოიშორებდა და მათი ეკონომიკური პარტნიორი გახდებოდა.

იტალია
იტალიაც, გერმანიის მსგავსად, როგორც ყოფილი ფაშისტური სახელმწიფო, გაერთიანებაში შესვლით ოფიციალურად იტყოდა უარს თავის წარსულზე და საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენას შეეცდებოდა. გარდა ამისა იგი გეოგრაფიულად უშუალოდ ესაზღვრებოდა სოციალისტური ბანაკის ქვეყანას - იუგოსლავიას და მხოლოდ ადრიატიკის ზღვა გამოჰყოფდა ალბანეთისაგან, რაც ”ცივი ომის” პირობებში ”ფრონტის ხაზის” პირას ყოფნას ნიშნავდა. საყურადღებოა ისიც, რომ იტალიაში საკმაოდ ძლიერი იყო კომუნისტური მოძრაობა. ამდენად, ქვეყანაში დასავლური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად გაერთიანებაში შესვლა კარგი პერსპექტივა იყო.

ბენილუქსის ქვეყნები
ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების სფეროში დადებულ ხელშეკრულებაში ბენილუქსის ქვეყნების აქტიური მონაწილეობა, მათ წარმოებებისთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნებოდა. გარდა ამისა, სამივე სახლემწიფო მიესალმებოდა ყველა სახის ნაბიჯს, რაც მეზობელ საფრანგეთსა და გერმანიას შორის ომის რისკს შეამცირებდა.

ბრიტანეთი
რაც შეეხება ბრიტანეთს, კონტინენტური ევროპისგან განსხავევბით, კუნძულოვან სახლემწიფოში აქტიურ საომარ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია, გერმანული ოკუპაცია მას არ შეხებია, არც ომში დამარცხებულა, შესაბამისად ომმა იგი ყველაზე ნაკლებად დააზიანა. გარდა ამისა, ბრიტანეთი კვლავ ინარჩუნებდა იმპერიალისტური სახელმწიფოსა და მსოფლიო ჰეგემონის ამბიციებს. დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, გამოირჩეოდა ეკონომიკური სიძლიერით, არც ქვანახშირის მარაგის სიმცირეს უჩიოდა.

რაც ყველაზე მთავარია, ბრიტანეთს 50-იან წლებში კვლავ სამარცხვინოდ მიაჩნდა, კონტინენტური ევროპის სახლემწიფოებისთვის ”გაეყადრებინა თავი” და მათთან ერთად გაწევრიანებულიყო ისეთი ზეეროვნული ორგანიზაციაში, რომელიც ბრიტანეთის სუვერენიტეტს შეზღუდავდა. ამდენად ბრიტანეთის მთავრობამ 6 ქვეყნის გაერთიანებაში შესვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა.


[1] ევროკავშირს 1992 წლამდე ეწოდებოდა ევროგაერთიანება (European Community)
[2] ცალკე საუბრის თემაა, რამდენად წარმატებით ასრულებს გაერო ამ ფუნქციებს, გაეროს მიმართ მრავალი კრიტიკის მიუხედავად, უდავოა, რომ მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამხედრო დაპირისპირებების დიპლომატიურ კონტექსტში გადატანას. გაეროს ჩარევით, ბევრ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზიდან ქვეყნებს შორის აგრესიამ გაეროს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა. თუმცა, ამავდროულად, მან ბევრი ომისა და დაპირისპირების თავიდან აციელბა მაინც ვერ შეძლო.
[3] დუნკირკი - ქალქი საფრანგეთში
[4] ქალაქი ჰოლანდიაში
[5] ევროსაბჭომ 1950 წელს მიიღო ”ადამინის უფლებათა ევროპული კონვენცია”, ევროსაბჭოს ერთ-ერთი ორგანოა ”ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო”,  რომლის შტაბბინაც სტრასბურგში მდებარეობს.
[6] ქალაქი უკრაინაში

ნიცის ხელშეკრულება


ამსტერდამის ხელშეკრულებით გატარდა ინსტიტუციური რეფორმა და შეიქმნა გარკვეული წინაპირობა ევროკავშირში დაგეგმილი მომდევნო გაფართოებისათვის, თუმცა ამ ხელშეკრულებაშივე ჩაიდო მისი შემდგომი გადახედვის მუხლი.

ამ პერიოდში წევრ ქვეყნებს შორის რამდენიმე მტკივნეულ საკითხზე მიმდინარეობდა დავა:
1.      როგორ უნდა მომხდარიყო ხმების გადანაწილება (”ხმების აწონვა”)  ქვეყნებზე.
2.      რა სფეროებზე უნდა გავრცელებულიყო კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის პროცედურა .
3.      კომისართა კოლეგიში რამდენი წევრი უნდა ყოფილიყო.

ხანგრძლივი განხილვებისა და დებატების შემდეგ, 2001 წელს ქალქ ნიცაში მოეწერა ხელი ახალ ხელშეკრულებას. გადაწყდა, რომ ხმები გადანაწილებულიყო მოსახლეობის რაოდენობის მხედვით. კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის პროცედურა გავრცელდა 30 ახალ სფეროზე. ყველა ქვეყანას მიეცა უფლება კომისიაში ყოლოდა თითო კომისარი, ხოლო მას შემდეგ, რაც წევრთა რაოდენობა გაიზრდებოდა 26-მდე, ქვეყნებს როტაციის პრინციპით რიგ-რიგობით წარეგზავნათ წარმომადგენლები. ასევე გაიზარდა პარლამენტის საკანონმდებლო ძალაუფლება და მისი კომპეტენცია რამდენიმე ახალ სფეროზე გავრცელდა. ეს სისტემა დღეისათვის მთლიანადაა შეცვლილი ლისაბონის ხელშეკრულებით.

ევროპის კონსტიტუცია (საკონსტიტუციო შეთანხმება) და ლისაბონის ხელშეკრულება

მას შემდეგ რაც ნათელი გახდა, რომ ნიცის ხელშეკრულება სრულად არ  აკმაყოფილებდა გაფართოებული ევროპის მოთხოვნებს და ეფექტურად ვერ უმკლავდებოდა ევროკავშირის წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს ახალ ათასწლეულში, წევრ-სახელმწიფოთა ლიდერებმა 2001 წელს ლიკენში მოწვეულ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს დეკლარაცია ევროკავშირის მომავლის შესახებ.

დეკლარაციამ საკონსტიტუციო შეთანხმებას სამი მთავარი მიზანი დაუსახა:
  1. ევროკავშირის მეტი დემოკატიზაცია და ღაიობა, რათა სრულად გაემართლებინა ევროპის მოქალაქეთა მოლოდინები,
  2. გაფართოებული კავშირის ახალი პოლიტიკის შემუშავება, რაც გაადვილებდა უკვე 25 წევრიანი, მომავალში კი უფრო ფართო ერთობის ეფექტურ მართვას და
  3. საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის, როგორც წევრი სახელნწიფოების "ერთ ხმად" წარმოდგენას ანუ კოოპერაციის გაზრდას საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

ორწლიანი ცხარე დებატებისა და მრავალი კომპრომისის შედეგად შეიქმნა კონსტიტუციის მოდელი, რომელიც გარკვეული ცვლილებებით 2004 წლის მთვარობათშორის კონფერენციაზე სახელმწიფოთა მეთაურების მიერ დამტკიცდა და წევრ სახელმწიფოებს 2 წლიანი ვადით დასამტკიცებლად წარედგინათ. ქვეყნების ნაწილმა გადაწყვიტა საკონსტიტუციო შემოთავაზებისთვის ეროვნულ პარლამენტში ეყარათ კენჭი, ნაწილმა კი რეფერენდუმი ჩაატარა. დამაიმედებელი სტარტის მიუხედავად, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში რეფერენდუმები უარყოფითი შედეგით დასრულდა. ორი ქვეყნის ”არა”-მ დაბლოკა კონსტიტუციის პროექტი.

კონსტიტუციის ჩავარდნით ახალ ხელშეკრულებაზე ფიქრი არ შეწყვეტილა. 2007 წელს ხელი მოეწერა ლისაბონის ხელშეკრულებას, რომელიც 2009 წლის 1 დეკემბერს შევიდა ძალაში. ლისაბონის ხელშეკრულებას ასევე უწოდებენ სარეფორმო ხელშეკრულებას, რადგან იგი მნიშვნელოვნად ცვლის ევროკავშირში აქამდე არსებულ ინსტიტუციურ წყობას და კავშირი ინტეგრაციის ახალ საფეხურზე გადაყავს.