Showing posts with label ქართველი მოაზროვნეები. Show all posts
Showing posts with label ქართველი მოაზროვნეები. Show all posts

Tuesday, April 3, 2012

ოსმალოს საქართველო

                                             ოსმალოს საქართველო
     ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს
თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს
აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც
ერთობა სარწმუნოებისა და გავრტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს
ერთმანეთტან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს
ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთა და იმავე ჭირსა და ლხინში
გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი
განეყოს, დაერღვიოს, - მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი
მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა
იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი
ფრთა გაშალოს. ამ დღეში ვართ დღეს ჩვენა და ოსმალეთის საქართველო.
,,ივერიის” წარსულ ნომერში მოხსენიებულს ნაწილებს ოსმალოს საქართველოსას
დიდი პატივისცემა და ხელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის ისტორიაში, დიდი შრომა
გაუწევია, დიდი მსხვერპლი მოუტანია, მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად
საქართველოს ერის თვით-არსებობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთის სისხლისა და
ხორცისანი, ერთისა და იმავე ენით მოლაპარაკენი, ერთი ისტორიაცა გვქონია. ოდეს
ბიზანტია, სპარსეთი და ოსმალო ამ ჩვენს მშვენიერს ქვეყანას ეტანებოდნენ და ურთიერთს
ეცილებოდნენ, მაშინ ის საქართველოს ნაწილი, რომელიც დღეს ოსმალოს ხელშია, მედგრად
იბრძოდა ჩვენის სარწმუნოების, განათლების, ერთ-მთავრობის დადგინებისთვის და მათდა
და ჩვენთა სასახელოდ ძლევითაც მოსილ იქმნა.
საკვირველს მედიდურს სანახაობას წარმოადგენს იოგი საქართველოს ოსტორიაში,
როდესაც საქართველო დაყოფილ იყო წვრილ სამათვროებად და ერთი ნაწილი სპარსეთის
გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე ჯერ ბიზანტიისა და მერმე ოსმალოს ზემოქმედების ქვეშ,
ზემო-ქართლი, რომელსაც ეხლა ოსმალოს საქართველოს ვუწოდებთ, ხან ერთს ნაწილს
მიემხრობოდა ხან მეორეს, და თვისის მომხრეობით განაძლიერებდა ქართველებს თვით-
არსებობის დასაცველად. მაშინ თითქმის მარტო მას ეჭირა თავისუფალი დროშა ქართველთა
ერთობისა.
პირველად ქრისტიანობამ იქ, სამცხე-კლარჯეთში მოიკიდა ფეხი ანდრია მოციქულის
მოძღვრებითა, მაშინ როდესაც ქართლ-კახეთში ჯერ კიდევ კერპმსახურება სუფევდა.
ქრისტეს აქეთ პირველ საუკუნეში ადრეკი მეფეს (60 წ) უნდოდა კერპ-თავყვანების
სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-კლარჯეთს, მაგრამ
     სამცხე-კლარჯეთში ქრისტიანობა არამც თუ მოისპო, პირიქით უფრო გავრცელდა და
დამკვიდრდა ჯერ ისევ წმინდა ნინოს მოსვლამდე.
როდესაც ბიზანტიის და სპარსეთის შუა ატყდა შესანიშნავი ბრძოლა ,,ლაზიკის”
თაობაზედ, მაშინ ეხლანდელი ოსმალოს საქართველო დიდ საისტორიო ასპარეზად შეიქმნა
მათთა შორის. სპარსეთი ძლეულ იქმნა და იგი ნაწილი საქართველოსი დარჩა ბიზანტიის
უფლების ქვეშ. შემდეგ ქართ-კახეთთან შეერთების სურვილმა აღმოიჩინა თავი, მაგრამ
ბიზანტიამ დაუშალა და მისცა მხოლოდ უფლება ქართველი კათალიკოზი იყოლიონ. ,,რათა
დასხდებოდენ კათალიკოზად ნათესავნი ქართველნი და არა ბერძენნი, და აქვნდეს
უაღრესობა ყოველთა ეკლესიათა და მღვდელ-მთავართა ზედა”. ეს მოხდა 586 წ. ქრისტ.
შობიდან. ამგვარად მთელის საქართველოს ერთობის წადილს ცოტად თუ ბევრად
კმაყოფილება მიეცა, სულიერად მაინც, თუ არ ხორციელად. მეექვსე საუკუნის დასასრულს
კლარჯეთის და ჯავახეთის მთავარი გურამ კურაპალატი, ბაგრატიონის გვარის კაცი,
ბიზანტიის შემწეობით შეიქმნა მეფედ ქართლ-კახეტისაცა და ამგვარად დიდი ნაწილი
საქართველოსი შეერთდა საქართველოსვე ეხლანდელის ოსმალოს საქართველოს
შემწეობითა. თუმცა ამის შემდეგ ისევ დაირღვა საქართველო ნაწილებად, მაგრამ არტანუჯის
ბაგრატიონთა გვარი გაძიერდა და ამას მოჰყვა მთელის საქართველოსათვის ნაყოფიერი და
საკეთილო შედეგი.
როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელებას
ცდილობდნენ, ეხლანდელი ოსმალეთის საქართველო ქრისტიანობისთვის იღვწოდა
ბაგრატიონების მეთაურობითა და წინამძღოლობითა. ეხლაც დარჩენილა მრავალი დიდ-
შვენიერნი, თლილის ქვით ამოყვანილი და მხატვრობით შემკული ეკლესიები, იმ დროს
აღშენებული იმავე დროს სამცხე-კლარჯეთის ქართველნი მიდიოდნენ საბერძნეთს სწავლის
მისაღებად, ნასწავლნი მოდიოდნენ უკანვე და ჰფენდნენ სწავლასა და საქართველოს ხალხთა
შორის. იმ დროს, როდესაც ტიფლისსა და გარშემო ადგილებში მაჰმადიონიბის გავრცელებას
მეცადინეობდნენ თავისი არაბულის წიგნების შუამავლობითა, სამცხე-კლარჯეთის
ქართველნი საღმრთო და საერო წიგნებს ქრისტიანობისას ჰსთარგმნიდნენ და ქრისტეანობის
განმტკიცებისთვის აწესებდნენ მონასტრებსა, რომლებშიაც ყმაწვილებისათვის
სასწავლებელთ მართავდნენ.
უწარჩინებულესნი მამანი, საღმრთო-საერო თხზულებათა მწერალნი ჩვენი,
ეხლანდელის ოსამლოს საქართველოს შვილნი და მცხოვრებნი იყვნენ. ჩვენი სასიქადულო
,,ვეფხის-ტყაოსნის” მთქმელი შოთა რუსთაველი იმ მხრის კაცი იყო. რუსთავის დაბა,
რომელსაც თავის სამშობლოდ იხსენიებს რუსთაველი, სამცხე-საათაბაგოშია. ჩვენი ყოფილი
ცხოვრება იქ აღყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს აქ უჩქეფნია, ჩვენის სულის ძლიერებას იქ
აღუმართავს თვისი სახელმგანთქმული დროშა, თითქმის იგია ჩვენის სულის
აღმატებულების აკვანი და იგივეა სამარეც ჩვენი ყოფილის ადამიანობისა. სწავლა,
განათლება, მამულისათვის თავგამეტებული სიყვარული თითქმის იქიდამ ეფინებოდა ჩვენს
ქვეყანას ერთს დროს.
     ბოლოს ბაგრატიონთა გვარის კაცი მეფე ბაგრატ III გაძლიერდა იმოდენად, რომ 1014 წ.
შეაერთა სრულიად საქართველო და ჩვენი ქვეყანა შეიქმნა ძლიერ და სახელოვან.
ეხლანდელმა ოსმალოს საქართველომ იმ შეერთებისათვის დიდი ღვაწლი დასდო ჩვენს
ქვეყანას, დიდი სისხლი დაანთხია, დიდი ქველობა გასწია.
თამარ მეფის შემდეგ, ე.ი. ჟამს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ერთობა დაირღვა, ეხლანდელს
ოსმალოს საქართველოში მფლობელობდა სამცხის ათაბაგი, რომელიც ახლციხეში
მკვიდრობდა და იგი ადგილი წოდებული იყო სამცხე საათაბაგოდ. ბიზანტიის იმპერიის
დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა მრავალი ჭირი მიაყენეს სამცხე-საათაბაგოსა, რომლის
დაპყრობასაც ძლიერ ეტანებოდნენ და ამისთვის ქრისტიანობის აღმოფხვრა უნდოდათ.
მაგრამ 1625 წლამდე სამცხე-საათაბაგოს მთავრებს მტკიცედ ეპყრათ ქრისტიანობა და
ყოველთვის თავ-გაწირულობით, თავ-დადებით ებრძოდნენ ოსმალოთა, ასე რომ ოსმალებმა
ვერ დააკლეს რა ვერც სარწმუნოებასა, ვერც ქართველობის გვარტომობასა, თუმცა მრავალი
მსხვერპლი კი შეაწირვინეს 1625 წ. ბექამ მოწამლა თავისი ძმისწული, უკანასკნელი ათაბაგი
მანუჩარ, გადაუდგა ქრისტიანობას, ქართველობას, მიიღო ორ-თუღიანი ფაშობა
ოსმალეთისგან სამცხე-საათაბაგოში და სახელად დაირქვა საფარ-ფაშა. ამის გამო ბევრნი
თავადაზნაურნი და გლეხნი გადმოიხვეწნენ ქართლს, ზოგიერთებს იქ დარჩენილთა
მიაღებინეს მაჰმადიანობა, ზოგს ძალდატანებით, ზოგს მოტყუებით და მაცდურობით;
სამღვდელონი და ეპისკოპისზნი მოსწყვიტეს, საყდრები დასძარცვეს, და ყოველი საღმრთო-
საერო წიგნები ცეცხლს მისცეს. ჩვენი მოძმე ქრისტიანი ხალხი დარჩა უწინამძღვროდ,
უმოძღვროდ, უეკლესიოდ და სასოწარკვეთილი, მწარედ დაჩაგრული, უწყალოდ დევნილი
და განადგურებული, ნელ-ნელად მიეცა მაჰმადიანობასა.
დღესაც იციან იქაურმა ქართველებმა, რომ ზოგის დედა, მამა, პაპა ჯერ კიდევ მათს ხსოვნაში
ქრისტიანები ყოფილან, ამბობენ, რომ იქ ზოგიერთი დღესაც იდუმალად აღიარებს
ქრისტიანებასაო, რომ დღესაც ათისა თუ თერთმეტის წლის ყმაწვილები საჩვენოში
გადმოჰყავთ მოსანათლავად, ზოგი ჩვენებურად ჯვარსაც იწერს, ოსმალების იდუმალად
თურმე.
ეგრეთ, - მთავრობამ, მუხთლობამ, ღალატმა, შავით მოსილმა საქართველოს ბედმა
განგვაშორა ჩვენ ძმები - ერთად სისხლის მღვრელნი, ერთად ღვაწლის დამდებნი, ერთად
ტანჯულნი და ერთად მოლხინენი. დიდმა ღვაწლმა ბაგრატ მესამისამ, დავით
აღმაშენებლისამ, თამარ დედოფლისამ, უქმად ჩაუარა ამოდენად ტანჯულს, ბედისაგან
დევნულს, ერთობისათვის და ქრისტიანობისათვის სისხლ-დათხეულსა საქართველოსა.
სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს, ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის
ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის
მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა.
სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს
ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ
ჩვენში ჰპოულობდენენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და - სინიდისის თავისუფლებასა.
არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს ოსმალოს საქართველოში
მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის
ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, ქართველი,
ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის
სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და
ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული
ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი
სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუ-დრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც
ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამ-პაპათა...

 „ივერია“. 1877. №9. გვ.1-3.

ილია ჭავჭავაძე

სარჩობელაზედ ( ნაწყვეტი, ბიჭის წერილი პეტრეს)

დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩვეს, ჩემი ძმა იყო...”

— რაო? — გააწყვეტინა კითხვა ზარდაცემულმა პეტრემ და ელდისაგან გაფითრდა. — ჩამოარჩესო!.. მაშ მართალი იყო ის ამბავი!.. მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა მერე!.. წაიკითხე, წაიკითხე. ნეტა არ მენახა.

— მამი, რას ამბობ? — ჰკითხა გაოცებულმა შვილმა, — რატომ ეგრე დამთხვევით და გადარეულად ლაპარაკობ!

— წაიკითხე-მეთქი, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, — უთხრა პეტრემ წყრომით და გულის აღელვებით.
საწყალი ბერიკაცი სულ თრთოდა, თითქო ციება აცახცახებსო.

შვილმა გაიქნივ-გამოიქნივა თავი, — მამა-ჩემს ეს რა დამართვიაო, და დაიწყო ისევ კითხვა:

„მამა-ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურიშვილი იყო. როცა მოკვდა, ჩვენ ორი ძმანი პატარები დავრჩით. დედა მალე გაგვითხოვდა, შეირთო ერთი ვიღაც აზნაურიშვილი, ქალაქში მსახურობდა. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, — ცოტა, მაგრამ იმოდენა, რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი გვექნებოდა — სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა. მინამ პატარები ვიყავით, ჩვენ სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა.
შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორღობეებში უპატრონოდ. ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით, საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო. ბოლოს, რომ ცოტა წამოვიზარდენით, მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში თუქურმიშაზედ, ვაიდამ ვუიში ჩაგვაგდო. აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთ. დავკარით ფეხი და გამოვიქეცით.
შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. პატარები ვიყავით, ყველა ხედავდა — რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ არ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად.
მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მინამ ცოცხალი ვარ, ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდდება.

...გახსოვს, ამ ოთხი წლის წინად ლოჭინის ხევის პირს რომ ურმები გამოშვებული გქონდათ? გახსოვს, ორი ყმაწვილი რომ მოგადგათ? ისინი ჩვენ ვიყავით, ორის დღის უჭმელები. საწყალმა ჩემმა ძმამ, ბეჟანს რომ ვეძახოდი, ბევრი ტყუილი ილაპარაკა მაშინ...
მე მწყინდა ეგ, მე მაგას ვთაკილობდი, მაგრამ ვერა გავაწყე-რა. ჩემი საცოდავი ძმა უჯათი იყო, თვითრჯული, და ვაი რომ ამასთანავე გულნამცეცაც იყო. ღმერთმა მიპატიოს ის ერთად-ერთი სული, ის ერთად-ერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთად-ერთი ძმა-კაცი, ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული. დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ კატასავით დამირჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეყანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი მხურავს, მინამ პირში სული მიდგა!

„შენ მაშინ გულის-ტკივილით დაგვიურვე. შენმა გულკეთილობამ კინაღამ მადლის შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელს გულამდე, კინაღამ შენმა გულკეთილობამ არ მომინადირა. მთელი ღამე არა მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი.
თუმცა ძალიან დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გავე, არ დავუშალე. გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი!.. ეგეც ჩემი მძარცველია, ეგ რომ კაცი ყოფილიყო, მე არ გამაძარცვინებდა-მეთქი.

„გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის.
ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ გაგვეძარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა, ვაზღვევინეთ. ამით ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარნაკრავს, გამწარებულს და გაბოროტებულს გულსა. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა...

„ამ ორის წლის წინად ისე მოხდა, თითქო თითონ ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლშიო.
დედა-ჩვენი მაშინ შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი, მამინაცვალი შემოგვაკვდა, გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყვეს, პოლიცია თავს დაგვესხა, მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი... არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი.
ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ, თუ მტყუანი, — არ ვიცი.
ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე-ღა დაკიდებული. მშვიდობით!.. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის.

„არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა, რომ შენ წინ გადაშლილიყო. — აჰა, გადაგიშალე და ლოდი ამეცალა.

„შენ სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი. ისიც გაქრება, ვიცი. განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“

      ხიდ-ჩატეხილობის მაგალითი რომელიც ილიას დროს არსებობდა ერთ-ერთი იყო რომელსაც ის დაუღალავად ებრძოდა და ცდილობდა აღმოეფხვრა საზოგადოების უთანასწორობა რომელმაც მრავალი სავალალო შედეგი მოუტანა იმდროინდელ საქართველოს, "სარჩობელაზედ"  ნაჩვენებია  საზოგადოების გულგრილობა ორი ძმის მიმართ რომლებსაც ხელი ჰკრა ყველამ არავინ შეიფარა არავინ უპატრონა, ეს სწორედ საზოგადოების ბრალია მათი მძიმე ხვედრი რომელიც ყველამ უნდა აუნაზღაუროს მათ "ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი." ის მძიმე დანაკარგი ის ერთადერთი ძმა-კაცი ის ერთადერთი კეთილის მყოფელი ის ერთადერთი მისთვის თავდადებული რომელიც კატის კნუტივით დაურჩეს და საბოლოოდ ჩატეხეს ხიდი და ჩააქრეს ის ნაღვერდალი რომელიც მის გულში იყო ჯერ კიდევ შემორჩენილი.

ილია ჭავჭავაძე (მოკლედ ბიოგრაფია)


                                                       ილია ჭავჭავაძე
     დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე, ქართული ცხოვრების და აზროვნების კანონმდებელი ილია ჭავჭავაძე დაიბადა ყვარელში 1837 წლის 27 ოქტომბერს თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში,  სწავლა 8 წლისამ სოფლის დიაკვანთან დაიწყო სწორედ ის უყვებოდა ხოლმე საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიულ ამბებსა, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცავად,  ქართული ენის, წერა-კითხვის, სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობის  სიყვარული ილიას  ბავშვობიდან ჩაუნერგა  დედ-მამამ.
   თერთმეტი წლის რომ გახდა ილია თბილისში ერთ-ერთ წამყვან პანსიონში  მიიყვანეს სასწავლებლად თხუთმეტი წლისა კი გიმნაზიაში შევიდა .1857 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე  ჩაირიცხა, ილია განსაკუთრებით დაინტერესებული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური საგნებით, უნივერსიტეტის ოთხი წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი როგორც მწერლის სრულყოფისთვის,  მისი ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისთვის, იგი ინტენსიურად სწავლობდა საქართველოს ისტორიას აგრეთვე რუსულ და ევროპულ მოაზროვნეთა და მწერალთა მემკვიდრეობას  ილიას დროს შეიქმნა  რუსეთში ქართველი სტუდენტობის თერგდალეულთა ტრადიციები  სწავლის დამთავრების შემდეგ დაარსა ჟურნალი საქართველოს მოამბე რომელიც უმკაცრესი ცენზურის მიუხედავად საქართველოს ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშედ იქცა. აღსანიშნავია ასევე გაზეთი ივერია რომელიც 1881-დან  1885- წლამდე გამოდიოდა ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა   როგორც მხატვრული ისე მეცნიერული ძეგლებითა და თარგმანებით მისი ამაგი ფასდაუდებელია ქართული სკოლის, სწავლა-აღზრდის  და განათლების საქმეში და რაც მთავარია ქართული ენის უფლებათა დაცვაში. სწორედ ამ პერიოდში დგება საკითხი ქართველთა შორის წერ- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების შესახებ.  ილიას მწერლური მოღვაწეობა სამშობლოსთვის საჭირო საქმის აღსრულება იყო და არა პირადი განდიდებისთვის, ის ყოველ პოემას ლექსს თუ მოთხრობას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის საძირკვლის ჩაყრის მიზნით ქმნიდა დაცემულ თანამემამულის აღდგინებას ცდილობდა ჯვარცმული ღვთისთვის  ჯვარცმულ და წამებულ მამულს წინ მიუძღოდა უფლისაკენ
                       ‘’ ღმერთთან მისთვის ვლაპარკობ
                       რომ წარვუძღვე წინა ერსა ‘’
მაცხოვრისგან დაკისრებულ მისიას სწორედ ასე ხედავდა მთელი თავისი ცხოვრება მზიანი სულით განვლო, ყოველთვის ის აგებებდა გულს  საქართველოსთვის დამიზნებულ  ყოველ ბოროტ სიტყვასა თუ ტყვიას, ის გადაუალხავი ზღუდე იყო სამშობლოს ყოველი მტირსათვის, შეუდრეკელად იტანდა სამშობლოსთვის მიყენებულ ყოველ  შეურაცყოფას.
    ილია იყო ყველაფერი საქართველოსთვის ის იყო იდეოლოგი ქვეყნისთვის, ის იყო მწერალი, მეცნიერი, გამომცემელი, იურისტი, ფინანსისტი, ეკონომისტი, მეურნე ,ორგანიზატორი ყველაფერი მოყრილი იყო ერთ გენიაში,  შარავანდედით შემოსილ ერთ თავდადებულ  მამულიშვილში რომელსაც სახელად ილია ჭავჭავაძე ერქვა. მას ერგო ჩაძინებული ,დაბეჩავებული სამშობლო რომელიც ააღორძინა გამოაფხიზლა  სული ჩაბერა თავისუფლების წყურვილით აავსო. ილიამ შექმნა ეპოქა თავისი ეპოქა, რომელიც წიწამურამდე ზიდა მან სიტყვა საქმედ აქცია რადგან  „მოძრაობა და მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“  სწორედ მოძრაობას და მოქმედებას მიიჩნევდა ილია ქვეყნის განვითარებისთვის აღორძინებისთვის სასიცოცხლო წყაროდ სწორედ ილია იყო ვინც აკრიტიკებდა ქართველთ რათა გამოფხიზლებულიყვნენ სწორედ ილია უვლიდა პატრონობდა ჰფურჩქნიდა  სამშობლოს თითოეულ მამულიშვილს თითოეულ კუთხეს თითოეულ ხეს, ფრინველს,  მდინარეს, ყველაზე კარგად ილია აფასებდა და ხედავდა  იმ მადლს,  იმ წყალობას რომელიც ღმერთს მოუმადლებია საქართველოზე  იმ მთა-ბარს,  მინდორ-ველს, ჰავას ჰაერს რომელშიც მხოლოდ ქართველს უგუბდება სული, ადნება ხორცი. ილია კარგად ხედავდა იმას რომ საჭირო იყო დროისთვის ფეხის აწყობა დღევანდელ  დღის ჩარხზე გამოჩარხვა დღევანდელ ქარ-ცეცხლში გამოფოლადება, დღევანდელ სამჭედურში გამოჭედვა, ხელის გამოძრავება, გარჯა , შრომა და ამ ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა და გამოზოგვა საჭიროებისამებრ ,რადგან დღეს აღარ  არის დრო ხმლით ვაჟკაცობისა, ომისა ეხლა საჭიროა ცოდნა,  ვაჟკაცობა ომისა კი უნდა დღეს რათა სისხლი ჰღვარო  არამედ  ვაჯკაცობა უნდა შრომისა რათა ოფლი ჰღვარო, დღეს მძლეთა-მძლეა შრომა და ცოდნა ხმლიან მტერს გადაურჩით ვერა დაგვაკლო რა, მაგრამ „ შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით  მოსეული-კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის,სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს  სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება ,და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას როგორც უპატრონო საყდარს სხვანი დაეპატრონებიან შრომასა და გარჯას, ცოდნა და ხერხი თუ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ წინ არ დავუყენეთ.
   ილიას პირველი სადარდებელი ყოველთვის საკუთარი სამშობლო იყო მისი ყოველი ლექსი პოემა თუ მოთხრობა საქართველოს სიყვარულითაა გაჟღენთილი, ის თითოეულ ქართველზე ფიქრობდა წუხდა  რომ საქართველო ასეთ დღეში იყო წუხდა და ამბობდა „სულ ძილი ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება“ მაგრამ საუკუნის გარიჟრაჟზე იმის მაგივრად რომ მოგვესმინა დიდი ქართველის სიტყვებისთვის და გამოგვეღვიძა, ამის ნაცვლად თვით ჩვენი  უპირველესი გულშემატკივარი,  შუბლი საქართველოსი, იდეა საქართველოს თავისუფლებისა ჩვენის ხელით დავაძინეთ სამუდამოდ, თუმცა ის არ მომკვდარა რადგან თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს ეს გენიალური მამულიშვილი.