პიერ ბურდიე პოლიტიკის ველზე
ეპოქაში, რომელიც ბევრმა უკვე ინფორმაციულად, ბევრმა კი კონკრეტულად
სატელევიზიო ეპოქად მონათლა, პოლიტიკაც ახალ თვისებებს იძენს; მას
უწევს მოქმედება ახალ სიბრტყეში, სადაც თავად გვევლინება ერთდროულად
როგორც დეტერმინატორის, ასევე დეტერმინირებულის როლში. დღეს უკვე
საუბარია ავტონომიურ პოლიტიკურ ველზე, რომელზეც ყველაზე დიდ
გავლენას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ახდენენ. ამ
თვალსაზრისით, საინტერესოა პიერ ბურდიეს ხედვა პოლიტიკის ველზე და ამ
უკანასკნელის მიმართებაზე ჟურნალისტიკის ველთან.
ველის ცნება ფრანგი სოციოლოგის პიერ ბურდიეს სოციოანალიზის ერთ-
ერთი ძირითადი კატეგორიაა. არ არსებობს ველის ცალმხრივი და
ერთმნიშვნელოვანი განმარტება. “ველი _ ეს არის ძალთა ადგილსამყოფელი,
მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სივრცე, სტრუქტურირებული
ოპოზიციებით...”; ეს არის განსაკუთრებული სივრცე, სადაც ადგილი აქვს
სრულიად მრავალფეროვან ბრძოლას. “ველი არის ძალთა კონცენტრაციის
ადგილი, რომლის ფარგლებშიც აგენტები ფლობენ გარკვეულ პოზიციებს, რაც
სტატისტიკურად განსაზღვრავს მათ შეხედულებას ამ ველზე და მათ
პრაქტიკებზე, რომლებიც ორიენტირებულია იმ ძალთა ურთიერთობის
სტრუქტურის შენარჩუნებაზე ან შეცვლაზე, რომლებიც ქმნიან ამ ველს”.
ნებისმიერ ველს ჰყავს აგენტი. აგენტები, იმყოფებიან რა გარკვეული ველის
ფარგლებში, რეაგირებენ ძალთა გადანაწილებაზე, სტრუქტურებზე, ახდენენ
მათ კონსტრუირებას, და მიუხედავად იმისა, რომ განიცდიან გარკვეულ
ზეწოლას, მათ მაინც აქვთ უნარი ზემოქმედება მოახდინონ ველზე; ისინი
მოქმედებენ ველში წინასწარ დადგენილი წესების შესაბამისად, მაგრამ,
იმავდროულად, გააჩნიათ თავისუფლების გარკვეული ხარისხი.
სოციალური სივრცე იმგვარად არის კონსტრუირებული, რომ აგენტები,
რომელთაც აქვთ მსგავსი პირობები, ექვემდებარებიან მსგავს გარემოებებს და
აქვთ შანსი დაეუფლონ მსგავს დისპოზიციებს, შესაბამისად, აწარმოონ მსგავსი
პრაქტიკები. დისპოზიციები, რომელთაც ადამიანი იძენს კონკრეტული
პოზიციის დაკავებისას, გულისხმობს ამ პოზიციასთან შეგუებას; ეს
უკანასკნელი გულისხმობს საკუთარი ადგილის შეგრძნებას, როდესაც გრძნობ
სხვების ადგილსაც და საკუთარი ადგილის დაკავებასთან ერთად სხვებს
კონკრეტულ დისტანციაზე ტოვებ.
იმას, რაც აწარმოებს პრაქტიკებს, რომელთა აღქმაც იმ აგენტებს შეუძლიათ,
რომლებიც სამყაროს გასაგებად აუცილებელ კოდს, სქემებს ფლობენ,
ბურდიესთან ჰაბიტუსი ეწოდება. ჰაბიტუსი გულისხმობს არა მხოლოდ
საკუთარი ადგილის შეგრძნებას (sense of one’s place), არამედ სხვების ადგილის
შეგრძნებასაც (sense of other’s place). სწორედ ჰაბიტუსის წყალობით, ჩვენ
ვიღებთ სოციალურ სამყაროს, რომელიც გვეჩვენება როგორც ცხადი, უტყუარი.
სოციალური სივცე წარმოადგენს აგენტთა თავმოყრის ადგილს, რომელთაც
განსხვავებული, მაგრამ სისტემატურად ურთიერთდაკავშირებული თვისებები
აქვთ. ეს არის ერთგვარი სიმბოლური სისტემა, სხვადასხვა სტატუსის მქონე
აგენტების, სოციალური ჯგუფების ცხოვრების სივრცე, სადაც თითოეულ
მათგანს საკუთარი სტილი აქვს.
ველი არის ძალთა ურთიერთობა და ბრძოლის სივრცე, სადაც ბრძოლა და
ძალთა გადანაწილება ხორციელდება ამ ძალთა ტრანსფორმაციისთვის. ველის
შიგნით ადგილი აქვს კონკურენციას და ბრძოლას იმის ლეგიტიმირებისათვის,
რისთვისაც მიმდინარეობს ბრძოლა ამ კონკრეტულ ველში. ველს ახასიათებს
თამაშის და სპეციფიკური ინტერესების განსაზღვრა, რომლებიც არ დაიყვანება
სხვა ველისთვის მახასიათებელ თამაშსა და ინტერესებზე.
ველის სტრუქტურა გულისხმობს ბრძოლაში ჩართულ აგენტებს ან
ინსტიტუტებს შორის ძალთა თანაფარდობას, ან სპეციფიკური კაპიტალის
განაწილებას, რაც განსაზღვრავს ბრძოლისთვის საჭირო სტრატეგიას. ეს
სტრუქტურა მუდამ ჩართულია ბრძოლაში. ბრძოლის ადგილია ველი,
რომელშიც მთავარია მონოპოლია ლეგიტიმურ ძალადობაზე, რომელიც ამ
კონკრეტული ველის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს. საბოლოო
ჯამში, ბრძოლა წარმოებს სპეციფიკური კაპიტალისთვის.
სპეციფიკურ კაპიტალზე საუბარი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ კაპიტალს
ღირებულება აქვს კონკრეტულ ველთან მიმართებაში, კონკრეტული ველის
ფარგლებში, როგორც კი კაპიტალი გადადის სხვა ველის ფარგლებში,
კაპიტალი სხვა ტიპად გარდაიქმნება.
ისინი, ვინც ახდენენ სპეციფიკური კაპიტალის მონოპოლიზირებას,
ორიენტირებულნი არიან შენარჩუნების სტრატეგიაზე – სტრაგეტიაზე,
რომელიც ისწრაფვის ორთოდოქსიის შენარჩუნებისკენ. მფლობელები კი,
რომლებიც ნაკლებ კაპიტალს ფლობენ და ძირითადად არიან დამწყებნი,
ორიენტირებულნი არიან ნგრევის, ანუ ერესის სტრატეგიაზე. სწორედ ერესი
აიძულებს დომინანტებს დაარღვიონ სიჩუმე და დაიცვან ორთოდოქსია.
ველის ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მნიშვნელოვანი თვისებაა ისიც, რომ
ველში ჩართული ყველა ინდივიდს აერთიანებს ფუნდამენტურ ინტერესთა
საერთო კრებული, რომლებიც (ინტერესები) თავად ველის არსებობასთან არის
დაკავშირებული. ბრძოლას ველში მუდმივად აქვს ადგილი, რამდენადაც
ყველა, ვინც ბრძოლაშია ჩართული ხელს უწყობს ბრძოლის კვლავწარმოებას,
და ასევე ხელს უწყობს თამაშის ღირებულების რწმენის გაჩენას. დამწყები
ველში შესვლის უფლების მოსაპოვებლად კონკრეტულ საფასურს იხდიან –
ისინი აღიარებენ თავისთავად თამაშის ღირებულებას და ველის
ფუნქციონირების პრინციპების პრაქტიკულ ცოდნას იძენენ.
პოლიტიკური ველი შეიძლება განხილულ იქნას მოთხოვნისა და მიწოდების
ლოგიკაში; “პოლიტიკური ველი არის ადგილი, სადაც აგენტებს შორის
კონკურენტულ ბრძოლაში იბადება პოლიტიკური პროდუქტი - პრობლემა,
პროგრამა, ანალიზი, კომენტარი, კონცეფცია, მოვლენა, რომელთანაგანც
ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ანუ “მომხმარებელმა” უნდა გააკეთოს არჩევანი”.
პროდუქტი, რომელსაც პოლიტიკური ველი გვთავაზობს, არის სოციალური
სამყაროს გამოხატვისა და აღქმის ინსტრუმენტი. მოსახლეობაში აზრთა
გადანაწილება კონკრეტული ჯგუფების მიერ ამ ინსტრუმენტების ფლობასა და
მათთდამი ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. პოლიტიკური ველი არის
ერთგვარი ცენზორი, რომელიც ადგენს, რა შეიძლება იყოს გამოხატული და რა
არა; ამას კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტული ჯგუფის ინტერესი. აქ
მუშაობს შედეგი პრინციპი – რომ არ არსებობდეს ჭადრაკის თამაშის ტექნიკა,
არც მისი თამაშის განზრახვა იარსებებდა.
აღქმისა და გამოხატვის პოლიტიკურად მოქმედი და ლეგიტიმური ფორმების
წარმოება არის პროფესიონალთა მონოპოლიის სფერო. სწორედ მცირე რიცხვი
პროფესიონალებისა და დიდი რიცხვი მომხმარებლებისა, რომლებიც არ არიან
კომპეტენტურნი პოლიტიკაში და ამის გამო ახდენენ საკუთარი უფლებების
დელეგირებას მონოპოლისტ პროფესიონალებისთვის, აქცევს პოლიტიკის
ბაზარს ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ ბაზრად.
პოლიტიკაში წარმატების მიღწევა სპეციფიკურ კომპეტენტურობაზეა
დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსის ჰაბიტუსმა უნდა
გაიაროს სპეციალური მომზადება. ეს უკანასკნელი გულისხმობს სპეციალურ
თეორიულ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. პოლიტიკის ველში თამაში
ისეა აწყობილი, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს პრაქტიკოსი, ქონდეს თამაშის
შეგრძნება, მისმა “პრაქტიკულმა უნარმა” უნდა შეაძლებინოს მას
მოწინააღმდეგის შემდეგი ნაბიჯების გათვლა. იგივე უნარის გამო, თავად
პოლიტიკოსის სამომავლო პოზიციების გათვლაც არის შესაძლებელი, თუმცა
ამ თამაშში ყველაზე მთავარი ის არის, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს მზად
აწარმოოს კომპეტენტური, სერიოზული, საიმედო და სტაბილური თამაშის.
სწორედ ეს ერთგულება თავად თამაშისადმი არის პოლიტიკური თამაშის
აბსოლუტური მოთხოვნა, ინვესტირება თამაშში, რაც არის როგორც შედეგი,
ასევე პირობა თამაშის ფუნქციონირებისა. რა არის უფრო ღირებული – თავად
თამაშში მონაწილეობა თუ პრივილეგიები, კონკრეტული მატერიალური
მოგება, რომელსაც იღებ ამ თამაშით, რთული გასარკვევია. თავად თამაშში
მონაწილეობა შეიძლება მონაწილეების მიერ აღიქმებოდეს უკვე როგორც
ღირებულება. თუმცა, გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება მაშინ,
როდესაც თამაშს ექმნება საფრთხე. ბრძოლა პროფესიონალებს შორის არის ბრძოლა სოციალური სამყაროს
შენარჩუნებისა ან ტრანსფორმაციისთვის სოციალური სამყაროს შესახებ
ხედვის შეცვლის ან შენერჩუნების გზით. ბრძოლისთვის საჭირო სოციალური
პირობები უნდა ვეძებოთ სპეციფიკურ ლოგიკაში, რომლის მიხედვითაც ხდება
პოლიტიკური თამაშის ორგანიზება. პოლიტიკურ თამაშში ადგილი აქვს ერთი
მხრივ, სოციალური სამყაროს ლეგიტიმური დანაწილების პრინციპის შექმნასა
და გავრცელებას და, შესაბამისად, ჯგუფების მობილიზაციას; და მეორე მხრივ,
ხელისუფლების ობიექტივირებული ინსტრუმენტების გამოყენების
მონოპოლიას. დემოკრატიულ სახელმწიოფოებში ამ ბრძოლის აგენტებად
გვევლინებიან პარტიები, ანუ საბრძოლო ორგანიზაციები, რომლებიც
აწარმოებენ სამოქალაქო ომის სუმბლიმირებულ ფორმას. ისინი
მაქსიმალურად ცდილობენ გაზარდონ საკუთარი წევრების რიცხვი. ერთი
მხრივ, პარტიები ცდილობენ საკუთარი ხედვა სამყაროსი თავს მოახვიონ
მოქალაქეთა მაქსიმალურ რაოდენობას, მეორე მხრივ კი, ცდილობენ
კონკრეტული პოსტების დაკავებას, რაც უზრუნველყოფს ძალაუფლების
გავრცელებას.
ამდენად, სოციალურ სამყაროზე იდეების წარმოება ყოველთვის
ექვემდებარება ძალაუფლების მოპოვების ლოგიკას. პოლიტიკოსები არ
ემსახურებიან მხოლოდ საკუთარი მომხრეების ინტერესებს, მეტიც ისინი,
გულის სიღრმეში, სწორედ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან. ისინი
სხვების ინტერესებს იმდენად ემსახურებიან, რამდენადაც სხვების ინტერესები
ემთხვევა მათ საკუთარ ინტერესებს. პოლიტიკოსთა ნებისმიერი საჯარო
გამოსვლა ორმაგად დეტერმინირებულია, რადგანაც პოლიტიკური ველი
მოითხოვს შესაბამისობაში ყოფნას არა მხოლოდ ველის შიდა ლოგიკასთან,
არამედ სხვა ველების ლოგიკასთანაც.
ველი შეიძლება განისაზღვროს როგორც სხვადასხვა დონის განსხვავებულ
გადახრათა სისტემა და ყველაფერი მასში აზრს იძენს განსხვავებათა და
საწინააღმდეგოთა ერთმანეთთან დაპირისპირების და შეჯერების შემდეგ.
მაგალითად, “მემარცხენეთა” არსებობა აზრს კარგავს “მემარჯვენეთა”
არსებობის, მათი პოზიციების დაპირისპირების და სიმბოლური ბრძოლის
გარეშე.
მარტივი “იდეური დინებები” პოლიტიკურ მოძრაობად იქცევა მხოლოდ მაშინ,
როდესაც ეს იდეები აღიარებას პოულობს პროფესონალთა წრის მიღმა.
სტრატეგიები, რომელსაც ველის ლოგიკა თავს ახვევს პროფესონალებს
წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი თანხვედრაში მოდის ველის
მიღმა არსებული ჯგუფების სტრატეგიებთან.
განსხვავებით მეცნიერების ველისგან, პოლიტიკის ველში წარმოთქმული
იდეების ძალა არ იზომება მისი ჭეშმარიტებით. პოლიტიკის ველის იდეების
ძალა იზომება იმ ჯგუფის სიძლიერით, რომელიც ამ იდეას აღიარებს.
პოლიტიკაში “ილაპარაკო” ნიშნავს “იმოქმედო”, ანუ დაარწმუნო, რომ
შეგიძლია გააკეთო ის, რაზეც საუბრობ. პოლიტიკოსმა უნდა შეძლოს
მოქალაქეთა დარწმუნება სამყაროს საკუთარი ხედვის უპირატესობაში.
პოლიტიკური სიტყვა ახდენს მისი ავტორის ანგაჟირებას, რადგანაც ის არის
ვალდებულება, რომელიც უნდა შეასრულო და რომელიც ჭეშმარიტად
პოლიტიკურად იქცევა იმდენად, რამდენადაც მას ამბობს პასუხისმგებელი
აგენტი ან ჯგუფი, რომელსაც ძალუძს ჯგუფების ანგაჟირება. დაპირების
უტყუარობა დამოკიდებულია მის რეალობასთან შესაბამისობაზე და
დაპირების წარმომთქმელის ავტორიტეტზე. ამ უკანასკნელს უნდა შეეძლოს
ჯგუფების საკუთარი დაპირების უტყუარობაში დარწმუნება.
პოლიტიკური წინადადებების, დაპირებების, პროგნოზების შემოწმება ან
უარყოფა შეუძლებელია ლოგიკურად. ისინი უტყუარია იმდენად, რამდენადაც
მის წარმომთქმელს შეუძლია გახადოს დაპირება ისტორიულად
სამართლიანად, ანუ მისი ისტორიაში განხორციელება უზრუნვლეყოს.
პოლიტიკური კაპიტალი წარმოადგენს სიმბოლური კაპიტალის ფორმას; ის
არის კრედიტი, რომელიც ეფუძნება რწმენასა და აღიარებას. არსებობს
პოლიტიკური კაპიტალის ორი ძირითადი სახე – პირადი კაპიტალი და
დელეგირებული კაპიტალი. პირადი კაპიტალი არის პოლიტიკური კაპიტალი,
რომლიც პიროვნებამ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობით, საკუთარი
წარსული გამოცდილებით დააგროვა. პირადი პოლიტიკური კაპიტალი თავად
პიროვნებასთან ერთად ქრება. განსხვავებით პირადი კაპიტალისგან,დელეგირებული კაპიტალი არის
ფუნქციონერის კაპიტალი, რომელიც ეკუთვნის სტრუქტურას, ინსტიტუციას.
დელეგირებულ კაპიტალს აკონტროლებს თავად ინსტიტუტი.
დელეგირებული კაპიტალის მოპოვება ერთ სპეციფიკურ ლოგიკას
ექვემდებარება. კერძოდ, ინსტიტუირებას, როდესაც პარტია ახდენს
კონკრეტული პირის ოფიციალური კანდიდატურის წარდგენას არჩევნებზე,
რაც მისთვის პოლიტიკური კაპიტალის გადაცემას ნიშნავს.
კანონი, რომელიც აგენტებსა და ინსტიტუციებს შორის ურთიერთობებს
არეგულირებს, ასეთია: ინსტიტუცია ყველაფერს აძლევს მას, ვინც თავად
ინსტიტუციას მისცა ყველაფერი. ანუ, ინსტიტუციისგან დელეგირებული
კაპიტალის მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მას, ვინც თავიდ
დროზე ყველაფერი გაიღო თავად ინსიტუტისთვის.
რაც უფრო მეტად ხდება პოლიტიკური კაპიტალის ინსტიტუციონალიზაცია
კონკრეტული პოსტების სახით, მით უფრო მომგებიანი ხდება აპარატის
წევრად ყოფნა, განსხვავებით კრიზისულ პერიოდში პოლიტიკურ თამაშში
მონაწილეობისა, როდესაც რისკი მაღალია, მოგების შანსი კი ნაკლები,
მაგალითად რევოლუციისას.
პოლიტიკური კაპიტალის ინსტიტუციონალიზაციის ზრდისას ბრძოლა
“ნიჭისთვის” ადგილს უთმობს ბრძოლას “პოსტებისთვის”. მით უფრო
იზრდება აპარატისა და მის მიერ შემოთავაზებული პოსტების ზრდის
ტენდენციები. ეს ტენდენციები ძალიან მნიშვნელოვანია აპარატის
წევრებისთვის. ამ უკანასკნელთათვის მატერიალური და სიმბოლური
ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე სწრაფვა მიზნის
მიღწევისკენ, რომელიც საკუთარ მიზნად აპარატმა დაასახელა. ამდენად,
ბუნებრივად იქმნება მდგომარეობა, როდესაც პარტიები მსხვერპლად სწირავენ
საკუთარ პროგრამას ძალაუფლების შენარჩუნებას ან უბრალოდ პოლიტიკურ
ველში არსებობას.
პიერ ბურდიე თვლის, რომ პოლიტიკური ველი არის ერთგვარი მიკროკოსმი
და განმარტავს, რომ სიტყვა მიკროკოსმი მიუთითებს იმაზე, რომ
პოლიტიკური უნივერსუმი ყველა ინსტიტუტთან და პარტიასთან,
ფუნქციონირების წესთან და აგენტთან ერთად, წარმოადგენს ავტონომიურ
სამყაროს, მიკროკოსმოსს, რომელიც სოციალურ მაკროკოსმშია მოთავსებილი;
“პოლიტიკური მიკროკოსმი არის ერთგვარი უნივერსუმი, რომელიც
ჩართულია დიდი უნივერსუმის ფუნქციონირების კანონებში და, მიუხედავად
ამისა, ფლობს შედარებით ავტონომიას ამ უნივერსუმის შიგნით და
ემორჩილება საკუთარ ნომოს-ს, ანუ, საკუთარ ავტონომიურ კანონს”. სწორედ
ეს შედარებითი ავტონომია უნდა გავითვალისწინოთ ამ უნივერსუმის შიგნით
აღმოცენებული პრაქტიკების გასაგებად. მათ გასაგებად არსებობს ორგვარი
მიდგომა: ინტერნალისტური და ექსტერნალისტური. ინტერნალისტური
მიდგომის თანახმად სამართლის, ლიტერატურის და ა.შ. გასაგებად
აუცილებელი და საკმარისი პირობაა ტექსტების კითხვა და სულაც არ არის
აუცილებელი კონტექსტის გათვალისწინება, ანუ, იმ ეკონომიკური,
პოლიტიკური, კულტურული, გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორების
გათვალისწინება, რომელიც ტექსტზე ახდენს გავლენას. აი,
ექსტერნალისტური მიდგომა კი მოითხოვს ტექსტის წაკითხვას სოციალურ და
სხვა კონტექსტებთან მიმართებაში.
პოლიტიკური ველი არ არსებობს სხვა ველებთან ურთიერთობის გარეშე. ის
მუდმივ ინტერაქციაშია სხვა ველებთან; ველის ამოცანა იმაში მდგომარეობს,
რომ საკუთარი პრინციპები თავს მოახვიოს სხვა ველებს, ამიტომაც
ახორციელებს პოლიტიკურ კომუნიკაციას, რაც გულისხმობს “პოლიტიკური
ინფორმაციის გადაცემის პროცესს, რომლის წყალობითაც იგი მოძრაობს
პოლიტიკური სისტემის ერთი ნაწილიდან მეორეში და ბრუნავს პოლიტიკურ
სისტემასა და სოციალურ სისტემას შორის”. სოცაილურ სისტემასთან
კომუნიკაციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას სწორედ მედია წარმოადგენს.
მართალია, მედიის სხვადასხვა ფორმები აუდიტორიის სხვადასხვა
რაოდენობაზეა გათვლილი, მაგრამ თითოეული მათგანი საზოგადოებაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლაა
პოლიტიკური ძალის მიზანი, მით უფრო ხშირად იყენებს პოლიტიკური ველი
მედიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას – ტელევიზიას. თუმცა, პოლიტიკური
ველი აუდიტორიაზე გასასვლელად პოლიტიკის აგენტები და “აზრთა
ლიდერები” იყენებენ მედიის როგორც ბეჭდურ, ასევე რადიო, ტელე და
ინტერნეტ ფორმას.
ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის თუ ცალკეული ფიგურის მიზანს
საკუთარი აუდიტორიის გაზრდა და საჭირო ან საჭიროზე მეტი ხმის მიღება
წარმოადგენს. ინფორმაცია, რომელსაც ამომრჩეველს თუ პოტენციურ
ამომრჩეველს აწვდიან მედიის საშუალებით, უქმნის აუდიტორიას
შთაბეჭდილებას და უყალიბებს გარკვეულ პოზიციას.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ თანამედროვე სამყაროში პოლიტიკურ
სივრცეში წარმატების მისაღწევად მედიის საუკეთესო ფორმას ტელევიზია
წარმოადგენს, რადგანაც პოლიტიკის ველი ცდილობს ელექტორატის
მაქსიმალური რაოდენობა მოიცვას; თუმცა პოლიტიკურ თამაშში მხოლოდ
ტელევიზია როდი მონაწილეობს. ბეჭდური მედია, მიუხედავად იმისა, რომ
მისი აუდიტორია შედარებით მცირერიცხოვანია, ჩართულია ახალი დროის
“მედია-ლოგიკაში”, რაც სიახლეზე, საინტერესოსა და მიმზიდველზე
ორიენტაციას გულისხმობს.
ახალი დროის პოლიტიკა, სარჩინელის თქმით, “არ არის კომპეტენტური, თუ
ის არ არის კომპეტენტური მკს-ის სფეროში”. ახალ ეპოქაში ძირითადი
პოლიტიკური დისკურსი ღიაა იმისათვის, რომ იგი წარმოდგენილ იქნას
მედიაში. ეს არის არა მხოლოდ სურვილი, არამედ აუცილებლობა; სწორედ
ამიტომ, პოლიტიკოსები ნებისმიერ განცხადებას, ნებისმიერ თემაზე საუბარსა
თუ გამოჩენას საინფორმაციო ველში, პოლიტიკური სიტყვის თქმის ჟანრში
აქცევენ და ცდილობენ ხშირად მოხვდნენ ამ ველში, რადგანაც ესმით
“პოლიტიკის მედიატიზაციის” მნიშვნელობა. ეს მოვლენა ზოგჯერ აღიქმება
პოლიტიკის კოლონიზაციად მედიის მიერ, ზოგჯერ კი პირიქით, მედიის
კოლონიზაციად პოლიტიკის მიერ.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა ველის ავტონომიურობის შესახებ. რეალობაში
არსებული მრავალი ველიდან ჟურნალისტიკის ველი ფლობს
ავტონომიურობის საკმაოდ დაბალ ხარისხს. ამ ველის გაგება შეუძლებელია
მხოლოდ გარე ან შიდა კონტექსტის გათვალისწინებით; აქ ერთნაირად
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ აფინანსებს მას, ვინ არის რეკლამის
დამკვეთი და ა.შ. და ისიც, თუ როგორ ზემოქმედებენ თავად ის ადამიანები
ერთმანეთზე, რომლებიც ამ ველში ფლობენ გარკვეულ პოზოციებს.
რაც შეეხება პოლიტიკის ველს, ბურდიეს აზრით, დღეს იგი არის ერთ-ერთი
ყველაზე ავტონომიური ველი. რაც მეტადაა ავტონომიური ველი, მით მეტადაა
შესაძლებელი მისი ახსნა ველის ლოგიკით. თუმცა, ავტონომიურიბის მაღალი
ხარისხი იმას როდი ნიშნავს, რომ პოლიტიკის ველს არა აქვს საერთო სხვა
ველებთან და მას მხოლოდ საკუთარი ლოგიკით ავხსნით.
თითქმის ყველა ველს აერთიანებს პრეტენზია სხვებს თავს მოახვიონ
სოციალური სამყაროს ლეგიტიმური ხედვა და თითოეული მათგანი
აწარმოებს ბრძოლას “ხედვისა” და “დაყოფის” გაბატონებული პრინციპის
სხვებისათვის თავსმოსახვევად. პოლიტიკური ველი ჟურნალისტიკის ველის
განსაკუთრებული ზეგავლენის ქვეშ ექცევა და მისი ახსნა კონტექსტის
გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია, რამდენადაც ჟურნალისტიკის
ველი, მიუხედავად ნაკლები ავტონომიურობისა, სულ უფრო მეტ გავლენას
ახდენს პოლიტიკის ველზე.
პოლიტიკური სუბიექტებისათვის საინფორმაციო ველი, ამ ველზე ხშირი
გამოჩენა, გარკვეული საინფორმაციო დომინირების მიღწევა და იმ პირობების
შესრულება, რომელსაც ინფორმაციული ეპოქა აყენებს, “სასიცოცხლო
მნიშვნელობის” მატარებელია.
პიერ ბურდიე საუბრობს მკს-ის დიდ როლზე თანამედროვე სამყაროში და
აცხადებს, რომ ჟურნალისტიკის ველი, რომელიც მჭიდრო კავშირშია პოლიტიკურ
ველთან, მიუხედავად ავტონომიურობის შედარებით დაბალი
ხარისხისა, სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს სხვა ველებზე.
მართალია, მას-მედია ბევრი ფუნქციის მატარებელია და ძირითადად ერთი
მიზანი – მოგების მიღება ამოძრავებს, მაგრამ კარგად იცის, რომ მას ისევე
კარნახობს საკუთარ წესებს აუდიტორია, როგორც თავად მედია ამ
უკანასკნელს. მკს არის ბიზნესი, რომელიც წარმატებული მხოლოდ მაშინ
შეიძლება იყოს, როცა იგი ითვალისწინებს აუდიტორიის მოთხოვნებს;
წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაკარგავს ძალაუფლებას და, საერთოდაც,
შეწყვეტს არსებობას. კომუნიკაცია აუცილებლად გულისხმობს ორი მხარის
არსებობას _ რეციპიენტი-კომუნიკატორი და მათ შორის ურთიერთობას არა
ცალმხრივი, არამედ ორმხრივი ხასიათი აქვს და ამ ფაქტის უგულებელყოფა
წამგებიანია თოთიეულ პოლუსზე განლაგებული ძალისათვის.
იმის მიხედვით, თუ რა გზავნილის მიწოდებას გეგმავს პოლიტიკის აგენტი
აუდიტორიისათვის, ის ირჩევს ჟურნალისტიკის ველის კონკრეტულ აგენტს.
მიუხედავად საკუთარი ავტონომიურობის მაღალი ხარისხისა, პოლიტიკის
ველი ითვალისწინებს ჟურნალისტიკის ველის თავისებურებებს და
აუდიტორიის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მედია-ლოგიკაზე
დაყრდნობით აწყობს საკუთარ ლოგიკას. ინფორმაციული საზოგადოების
არსებობის პირობებში, პოლიტიკური დისკურსი ხშირად იმაზე აქტიურადაა
ჩართული მედია-დისკურსში, ვიდრე პირიქით. ეს ფაქტი კი ჟურნალისტიკის
ველისა და პოლიტიკის ველის ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის.
No comments:
Post a Comment