ბატონობის ტიპები
(მაქს ვებერის ”ბატონობის ტიპების” მიხედვით)
პოლიტიკა არის სწრაფვა გქონდეს ძალაუფლება ან გავლენა მოახდინო
ძალაუფლების გადანაწილებაში როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე
სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ჯგუფებს შორის.
პოლიტიკაზე საუბრისას მაქს ვებერი საუბრობს პოლიტიკური კავშირის
ხელმძღვანელობაზე ან მასზე ზეგავლენს მოხდენაზე; პოლიტიკურ კავშირში
იგულისხმება სახელმწიფო. ინსტრუმენტი რომელსაც სახელმწიფო
მართვისთვისათვის იყენებს არის ძალადობა. ერთადერთი კავშირი, რომელსაც
აქვს უფლება ძალადობის გამოყენებისა სწორედ სახელმწიფოა. სახელმწიფო
არის ადამიანური ერთობა, რომელსაც აქვს პრეტენზია ლეგიტიმური
ფიზიკური ძალადობის გამოყენების მონოპოლიაზე.
ძალაუფლება არის ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უნარი მოახდინონ
საკუთარი ნების რეალიზაცია მიუხედავად ამ პროცესში ჩართული
ადამიანების წინააღმდეგობისა. მოტივი ძალაუფლებისკენ სწრაფვის შესაძლოა
იყოს განსხვავებული, მაგრამ ყველაზე ხშირად ძალაუფლებისკენ სწრაფვა
უკავშირდება ”პრესტიჟის”, პატივისცემის კატეგორიას. სწრაფვა სწორედ
სოციალური პრესტიჟისკენ არის მნიშვნელოვანი.
იმის მიხედვით, თუ რა შინაგან გამართლებას, ანუ ლეგიტიმურობას ემყარება
ძალადობის, როგორც საშუალების გამოყენება, ვებერი განასხვავებს
ერთმანეთისგან ბატონობის სამ ტიპს.
ბატონობა ნიშნავს შესაძლებლობას დაუმორჩილო ადამიანთა ჯგუფი
სპეციფიკურ ან ყველა ბრძანებას. ბატონობა ამ გაგებით შეიძლება
ეფუძნებოდეს მორჩილების განსხვავებულ მოტივებს.
ნებისმიერი ბატონობა ადამიანთა დიდ ჯგუფზე საჭიროებს ადამიანთა შტაბის
არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტული ბრძანებებისა და
დავალებების რეალობაში გატარებას. მმართველობის შტაბი შესაძლოა
ემორჩილებოდეს ბატონს (ან ბატონებს) ტრადიციის გამო, ან აფექტურად, ან
მატერიალური დაინტერესების გამო, ან იდეალების გამო (ეს უკანასკნელი
არის ღირებულებითრაციონალური მორჩილება). ამ ყველაფერს კი
აუცილებლად ემატება ძალაუფლების ლეგიტიმურობის რწმენა.
ნებისმიერი ბატონობა ცდილობს იყოს ლეგიტიმური და დაიცვას იგი.
ლეგიტიმურობის ტიპის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან
მორჩილების ტიპებიც, ძალაუფლების განხორციელების სახეებიც და მისი
ეფექტურობაც. ამდენად, ძალაუფლების ტიპები უნდა განვასხვავოთ
ერთმანეთისგან ლეგიტიმურობაზე მათი პრეტენზიის ტიპის მიხედვით.
არსებობს ლეგიტიმური ბატონობის სამი ტიპი:
1. რაციონალური - ეფუძნება დაწესებული წესრიგისა და კანონიერების
ლეგალურობის რწმენას;
2. ტრადიციული - ეფუძნება ტრადიციის უზენაესობისა და ამ
ტრადიციებზე დაფუძნებული ავტორიტეტის ლეგიტიმურობის
რწმენას;
3. ქარიზმატული - ეფუძნება სიწმინდის ან გმირული ძალის
არაჩვეულებრივ გამოვლინებებს, ან პიროვნების განსაკუთრებულობის
რწმენას და ამ განსაკუთრებულობის გამოვლინებით შექმნილი
წესრიგისადმი მორჩილებას.
რაციონალური-ლეგალური ბატონობის დროს ადამიანები ემორჩილებიან
დადგენილ ობიექტურ, უპირო წესრიგს. ტრადიციული ბატონობის დროს
პიროვნება ემორჩილება ბატონს, რომელიც მართავს ტრადიციებით და მისი
მორჩილება ტრადიციისადმი ერთგულებითაა განპირობებული.
ქარიზმატული ბატონობის დროს ადამიანები ემორჩილებიან ბელადს სჯერათ
რა მისი გულწრფელობის, სიკეთისა და განსაკუთრებულობის, ანუ ქარიზმის.
ლეგალური ბატონობა ეფუძნება წარმოდგენების მნიშვნელობას შემდეგ
საკითხებზე:
1. ნებისმიერი კანონი შეიძლება დადგინდეს შეთანხმების გზით,
რაციონალურად, მიზანრაციონალურად ან
ღირებულებითრაციონალურად ისე, რომ მას პატივს სცემენ ერთი
კავშირის წევრებიც და ის პიროვნებებიც, რომლებიც მოქმდებენ
კავშირის გავლენის სფეროების შიგნთ;
2. ნებისმიერი კანონი არის აბსტრაქტული, განგებ დადგენილი წესები,
რომელთა შესრულებასაც სპეციალური ორგანოები ადევნებენ
თვალყურს;
3. ლეგალური ბატონი - უფროსი, რომელიც გასცემს განკარგულებებს და
ბრძანებებს, თავადაც ემორჩილება წესრიგს;
4. დამორჩილებული ემორჩილება მხოლოდ კანონს და სახელმწიფოში
მორჩილს ქვია მოქალაქე;
5. კავშირის წევრები ემორჩილებიან რა ბატონს, რეალურად
ემორჩილებიან არა მის პიროვნებას, არამედ წესრიგს და ვალდებულნი
არიან დაემორჩილონ მას საქმიანი კომპეტენციის ფარგლებში.
ამდენად, რაციონალური ბატონობის ძირითადი კატეგორიებია:
წესებით დაკავშირებული მუშაობა საწარმოს კომპეტენციის ფარგლებში, რაც
გულისხმობს შრომის განაწილების პრინციპით თანამდებობრივი
ვალდებულებების გადანაწილებას, ამისათვის აუცილებელი
ხელმძღვანელების შერჩევას და იძულებისა და მისი გამოყენების
შესაძლებლობების დასაშვები ზღვარის განსაზღვრას.
ამ პრინციპებით ორგანიზებული საწარმო არის ”ძალაუფლების ორგანო”.
რაციონალური კავშირის მმართველობის ტიპიურ შტაბს ქმნიან ”ჩინოვნიკები”.
ეს უკანასკნელნი არ ფლობენ მმართველობის საშუალებებს. ეს უკანასკნელნი
არიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შესრულებული
საქმისათვის კონტრაქტით გათვალისწინებულ მატერიალურ ანაზღაურებას
იღებენ.
ყოველდღიური ბატონობა პირველ რიგში არის მართვა. ლეგალური
ბატონობის წმინდა ტიპს წარმოადგენს მართვა ბიუროკრატიული შტაბით.
შტაბის წევრები არიან ჩინოვნიკები, რომლებიც ემორჩილებიან მხოლოდ
ობიექტურ საქმიან ვალდებულებებს, განლაგებულნი არიან კონკრეტულ
იერარქიულ სიბრტყეში, აქვთ საქმიანი კომპეტენციები, მუშაობენ
კონტრაქტით, არიან კვალიფიციურნი და ეს ხშირად დიპლომის არსებობით
დასტურდება, აქვთ ანაზღაურება, მიიჩნევენ საკუთარ საქმეს ერთადერთ ან
ძირითად პროფესიად, ფიქრობენ კარიერულ წინსვლაზე, მუშაობენ მართვის
ბერკეტების გარეშე, ემორჩილებიან ერთგვაროვან სამსახურეობრივ
დისციპლინასა და კონტროლს.
გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბიუროკრატიული
მართვა არის საქმის წარმოების ყველაზე ეფექტური სახე. ის არის ბატონობის
ყველაზე რაცონალური ფორმა. შესაბამისად, ყველა სფეროში (სახელმწიფო,
ეკლესია, ჯარი, პარტია) კავშირების ”თანამედროვე” ფორმების განვითარება
უბრალოდ ნიშნავს ბიუროკრატიული მართვის მუდმივ განვითარებასა და
მუდმივ გაძლიერებას. სწორედ ბიუროკრატიული მართვის სტილის გაჩენა,
ვებერის აზრით, არის თანამედროვე დასავლური სახელმწიფოს დაბადების
საწინდარი.
ბიუროკრატიული მართვა ნიშნავს ბატონობას ცოდნაზე დაყრდნობით -
სწორედ ამაში მდგომარეობს ბიუროკრატიის რაციონალური საფუძველი.
ტრადიციულია ბატონობა, თუ მისი ლეგიტიმურობა ეფუძნება უკვე
დადგენილი და გამეფებული მმართველობის წესების სიწმინდეს. ბატონი (ან
რამდენიმე ბატონი) არის მმართველი წლების წინ დადგენილი ტრადიციის
გამო. ის ვინც ბატონობს არ არის ხელმძღვანელი, არამედ არის ბატონი თავისი
პერსონით, მისი მმართველობის შტაბს წარმოადგენენ არა ჩინოვნიკები,
არამედ პირადი მსახურები, ხოლო დამორჩილებულნი არიან არა კავშირის
წევრები (სახელმწიფოს შემთხვევაში, მოქალაქენი), არამედ ან ”ტრადიციული
ამხანაგები” ან ”დაქვემდებარებულნი”.
არა ობიექტური სამსახურებრივი ვალდებულება, არამედ პირადი ერთგულება
მსახურისა განსაზღვრავს მმართველი შტაბის დამოკიდებულებას
ბატონისადმი. ისინი ემორჩილებიან არა წესრიგს, არამედ პიროვნებას,
რომლის ბრძანებები ლეგიტიმურია ორი მიზეზის გამო:
1. ნაწილობრივ ტრადიციის გამო, რაც განსაზღვრავს განკარგულების
შინაარსს;
2. ნაწილობრივ ბატონის თვითნებობის გამო.
ტრადიციული ტიპის ბატონის მოღვაწეობის ორი სფერო არსებობს:
ა) ტრადიციასთან მატერიალურად დაკავშირებული;
ბ) ტრადიციისგან მატერიალურად დამოუკიდებელი.
ტრადიციული ბატონობის მმართველობის შტაბში არ არსებობს ობიექტურად
განაწილებული მდგრადი კომპეტენცია, მტკიცე რაციონალური იერარქია,
თავისუფალი კონტრაქტით სამსახურში აყვანა და კარიერული წინსვლა,
პროფესიული სწავლება, როგორც ნორმა, სისტემატიურად ფულის სახით
გადახდილი ანაზღაურება.
საქმეების მოგვარება რეგულირდება ან ტრადიციით ან სრულად ბატონის
ხედვაზეა დამოკიდებული.
მმართველობის პირადი შტაბის გარეშე ტრადიციული ბატონობის ორ
ძირითად ტიპს წარმოადგენენ გერონტოკრატია და ადრეული
პატრიარქალიზმი.
გერონტოკრატია ნიშნავს უხუცესის, როგორც ტრადიციების საუკეთესო
მცოდნის და დამცველის ბატონობას.
პატრიარქალური კი არის ეკონომიკური და საოჯახო კავშირის
ხელმძღვანელობა ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც ეს ვალდებულება
მემკვიდრეობით ერგო.
გერონტოკრატიისა და პატრიარქალიზმის პირობებში მმართველობის პირადი
შტაბი არ არსებობს. არსებობენ ”ამხანაგები”, რომლებიც ემორჩილებიან
ბატონს მხოლოდ ტრადიციის გამო და თავად ბატონიც მკაცრად არის
დაკავშირებული ტრადიციასთან.
მმართველობის პირადი შტაბის გაჩენით ჩნდება პატრიმონიალური
ტრადიციული ბატონობის ტიპი, როდესაც ”ამხანაგები” იქცევიან
”დაქვემდებარებულებად”.
ქარიზმა ეწოდება პიროვნების თვისებას, რომელიც აღიარებულია უჩვეულოდ,
ზებუნებრივად ან განსაკუთრებულად, არ არის ყველას მახასიათებელი და
განსაკუთრებულთა ხვედრია.
ქარიზმატული ბატონისადმი მორჩილება გულისხმობს მისი
განსაკუთრებულობის აღიარებას. მაგრამ, თუ ამ განსაკუთრებულობას არ
ამტკიცებს კონკრეტული ქმედებები, ის დიდი ხნის მანძილზე არის
წარუმატებელი და, პირველ რიგში, მის ხელმძღვანელობას მორჩილთათვის
უფრო მარტივი ცხოვრება არ მოაქვს, მაშინ ბატონის ქარიზმატული
ავტორიტეტი ქრება.
ქარიზმატული ბატონის მმართველი შტაბის წევრები არიან არა სპეციალურად
ნასწავლი ჩინოვნიკები, არამედ ემოციური ერთობა. შტაბის წევრებსა და
ბატონს შორის არსებობს ემოციური კავშირი, ისინი ცხოვრობენ მეცენატების
ხარჯზე, არ აქვთ მკაცრად განაწილებული მოვალეობები იერარქიულ კიბეზე.
არ აქვთ რეგლამენტი, წესები; აქ წესები იქმნება შემთხვევიდან შემთხვევამდე.
ქარიზმატული ბატონობა არის როგორც ტრადიციულის, ასევე
რაციონალურის საწინააღმდეგო. ბიუროკრატიული ბატონობა არის
რაციონალური, რადგანაც ის მკაცრად გაწერილი წესების მიხედვით მუშაობს,
ქარიზმატული ბატონობა კი არის ირაციონალური, რადგანაც ის ყოველგვარი
წესებისგან დამოუკიდებლად არსებობს. ტრადიციული ბატონობაც
გულისხმობს წესების არსებობას, უბრალოდ ის წესები არა რაციონალურადაა
გაწერილი, არამედ წარსული პრეცედენტების დაცვაზეა ორიენტირებული.
ქარიზმატული ბატონობა ანგრევს წარსულს და ამიტომაც არის
რევოლუციური. ის ლეგიტიმურია მანამ, სანამ პირადი ქარიზმა არ გაცვეთილა
და ”მნიშვნელობს” სხვებისთვის.
წმინდა ქარიზმისთვის ეკონომიკა უცხოა. ის უარს ამბობს ტრადიციულ ან
ყოველდღიურ რაციონალურ ეკონომიკაზე, რომელიც ყოველდღიური
შემოსავლის მომტანია. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქარიზმატული
ბატონობა უარს ამბობს ნებისმიერ შემოსავალზე ან შენაძენზე, მაგრამ ამას სისტემატური
და რაციონალური სახე არ აქვს.
ქარიზმა არის რევოლუციიური ძალა. განსხვავებით რაციონალიზირებული
ძალისაგან “ratio”, რომელიც იბრძვის ან გარედან (ცხოვრებისეული პირობების
შეცვლით და მათდამი დამოკიდებულებების შეცვლით) ან
ინტელექტუალიზაციით, ქარიზმა არის გარდაქმნა შიგნიდან, აზროვნებისა და
მოქმედების სრული ცვლილება, განწყობების ორიენტირების სრული შეცვლა.
ქარიზმატული ბატონობა არის პირადი, პიროვნულ თვისებებთან
დაკავშირებული სოციალური ურთიერთობა. ეს არის ერთმორმუწნეთა,
მებრძოლთა, მოსწავლეთა ”ერთობა”. შექმნის პირობებში ქარიზმატული
ბატონობა წარმოადგენს იდეალურ ტიპს, რომელიც დროთა განმავლობაში
სახეს იცვლის და ხდება ან ტრადიციული ან რაციონალური ან ორივე მათგანი
უბრალოდ სხვადასხვა ასპექტში. ამას შემდეგი მოტივები განაპირობებს:
მომხრეთა იდეური და მატერიალური დაინტერესება განაგრძონ არსებობა და
მუდმივად განაახლონ ერთობა;
მმართველი შტაბის - მიმდევართა, მოსწავლეთა, პარტიული პირების - კიდევ
უფრო ძლიერი იდეური და მატერიალური ინტერესები.
დროთა განმავლობაში იწყება ქარიზმის მატარებელი ახალი ობიექტის ძიება,
რომელიც უნდა აღიარონ ლიდერად. შემდეგ ახალ ლიდერს მიაწერენ ახალ
თვისებებს და პიროვნული ქარიზმა ქრება, ახალი ლიდერი ხდება
ლეგიტიმური. ბატონობის ეს სამი ტიპი არის იდეალური ტიპი, რომლებიც რეალობაში არ
გვხვდება. ბატონობის და შესაბამისად ნებისმიერი მორჩილების საფუძველია
რწმენა - ”პრესტიჟულობის” რწმენა. ბატონობის ნებისმიერი ფორმისათვის,
გარდა თავად ბატონისა და მორჩილისა, აუცილებელია მმართველი შტაბის
არსებობა, რომელიც არსებული წესრიგის დაცვაზეა ორიენტირებული.
No comments:
Post a Comment